2025 წლის მაისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.4 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 3.5 პროცენტი შეადგინა. ინფორმაციას „საქსტატი“ ავრცელებს.
რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2025 წლის მაისში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.1 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 2.0 პროცენტით განისაზღვრა.
ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 1.6 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.51 პროცენტული პუნქტით აისახა.
ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (8.7 პროცენტი), ხილი და ყურძენი (8.3 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (1.8 პროცენტი), თევზეული (1.4 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (1.2 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (0.9 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (0.6 პროცენტი).
ამასთან, ფასები შემცირდა ქვეჯგუფებზე: რძე, ყველი და კვერცხი (-1.6 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (-0.6 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (-0.1 პროცენტი); სასტუმროები, კაფეები და რესტორნები: წინა თვესთან შედარებით ფასები მომატებულია 1.4 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა თვის ინფლაციაში 0.05 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები, ძირითადად, გაზრდილია ღამის გასათევით მომსახურებაზე (7.2 პროცენტი); ტანსაცმელი და ფეხსაცმელი: ჯგუფში ფასები მომატებულია 0.8 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.03 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია როგორც ფეხსაცმლის (1.5 პროცენტი), ისე ტანსაცმლის (0.4 პროცენტი) ქვეჯგუფებზე; ტრანსპორტი: ჯგუფში ფასები შემცირდა 1.1 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე -0.12 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები შემცირდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციასა (-1.7 პროცენტი) და სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (-0.5 პროცენტი). ამასთან, ფასები გაზრდილია სატრანსპორტო მომსახურებაზე (0.3 პროცენტი).
წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 8.3 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 2.82 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: ზეთი და ცხიმი (22.5 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (17.6 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (15.4 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (10.6 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (9.5 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (8.4 პროცენტი), თევზეული (6.9 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (6.9 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (2.2 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირებულია ხილსა და ყურძენზე (-4.7 პროცენტი);
ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფში ფასები მომატებულია 9.0 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.75 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (10.2 პროცენტი), სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის (8.3 პროცენტი) და საავადმყოფოების მომსახურების (7.6 პროცენტი) ქვეჯგუფებზე;
სხვადასხვა საქონელი და მომსახურება: ჯგუფში ფასები გაიზარდა 5.9 პროცენტით, რაც 0.29 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები, ძირითადად, მომატებულია ქვეჯგუფებზე: პირადი ნივთები, სხვა კატეგორიებში ჩაურთველი (20.7 პროცენტი), დაზღვევა (8.7 პროცენტი), საფინანსო მომსახურება (5.4 პროცენტი), პირადი ჰიგიენა (2.7 პროცენტი);
ტრანსპორტი: ჯგუფში ფასები შემცირდა 4.5 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე -0.54 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები შემცირდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (-7.4 პროცენტი). ამასთან, ფასები გაიზარდა სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (0.9 პროცენტი) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (0.7 პროცენტი).