ბიზნესმენი ირაკლი რუხაძე ამბობს, რომ ეროვნულ ბანკს კიდევ რჩება გარკვეული კითხვები “ბაზისბანკის” მიერ “ლიბერთის” შესყიდვასთან დაკავშირებით. მან ამის შესახებ "ბორჯომის" ახალი ქარხნის გახსნის ღონისძიებაზე, BMG-ის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

BMG-ის დაინტერესდა რა ეტაპზეა გარიგება, რაზეც რუხაძემ განმარტა, რომ სებ-ს აქვს კითხვები "ბაზისბანკთან" და პროცესს აჭიანურებს ჩინეთიდან გარკვეული დოკუმენტაციის ჩამოტანის საკითხი.

"მე მაინც იმედი მაქვს, რომ ეს გარიგება შედგება. ცუდია, რომ ამდენი ხანი გაიწელა. იმისდა მიუხედავად, რომ ეროვნულმა ბანკმა მწვანე შუქი აგვინთო, მას კიდევ აქვს რაღაც კითხვები. ძირითადად ეს კითხვები არის "ბაზისბანკთან" და ეხება უფრო ორგანიზაციულ საკითხებს, რაღაც დოკუმენტაცია, რომელიც მათ უნდა ჩამოიტანონ ჩინეთიდან არ არის მარტივი ჩამოსატანი და ამიტომ, მიდის ამაზე მუშაობა და ჩვენ უბრალოდ ველოდებით. ამიტომ, ეს [გარიგების დასრულება] "ლიბერთის" ხელში იმდენად არაა, რამდენადაც არის "ბაზისბანკის" და ეროვნული ბანკის ხელში, რამდენად მოილაპარაკებენ, რომ ეროვნულმა ბანკმა მიიღო ის კომფორტი, რომელიც მას სჭირდება "ბაზისბანკისგან" დოკუმენტალური და ორგანიზაციული კუთხით",- ამბობს ირაკლი რუხაძე.

სებ-მა უკვე შეისწავლა, თუ რა გავლენა ექნება კონკურენტულ ბაზარზე “ბაზისბანკის” მიერ “ლიბერთი ბანკის” შესყიდვას. ეროვნული ბანკის შეფასებით, ეს ბაზარზე კონკურენციის შეზღუდვის ეფექტის მქონე არ იქნება. თუ გარიგება შედგება, საბანკო სექტორში ჩამოყალიბდება ბანკი, რომლის ჯამური აქტივების მოცულობა მთლიანი სისტემის 10% იქნება.