საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ ლუქსემბურგში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წევრი ქვეყნების ჯგუფის შეხვედრის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა.

დისკუსიის ფარგლებში მონაწილეებმა იმსჯელეს მწვანე ეკონომიკის მნიშვნელობაზე, არსებულ გამოწვევებსა და ტენდენციებზე.

პანელური დისკუსიის ბოლოს სიტყვით გამოვიდა ევროპის საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტი ნადია კალვინიო.

დისკუსიამდე სებ-ის პრეზიდენტმა მოდერატორობა გაუწია სესიას, სახელწოდებით „ცენტრალური ბანკების როლი მწვანე ეკონომიკაში“.

სესიის მთავარი სპიკერი ევროპის ცენტრალური ბანკის აღმასრულებელი საბჭოს წევრი ფრანკ ელდერსონი იყო, განხილვის მთავარი თემა კი მდგრად დაფინანსებას, კლიმატური ცვლილებებსა და ამ პროცესში ცენტრალური ბანკების როლს ეხებოდა.

როგორც ნათია თურნავამ სესიაზე აღნიშნა, მდგრადი ფინანსური ბაზრების განვითარების მხარდაჭერა ეროვნული ბანკის მდგრადი ფინანსური ჩარჩოს ერთ-ერთი მთავარი საყრდენია.

მისივე თქმით, მდგრადი ეკონომიკური საქმიანობისთვის საერთო ენის შექმნის, ფრაგმენტაციის შემცირების და სხვა რისკის შემცირების მიზნით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა შეიმუშავა მდგრადი დაფინანსების ტაქსონომია, რომელიც მოიცავს როგორც „მწვანე“, ისე „სოციალურ“ ტაქსონომიებს და შესაბამის რეგულაციებს, რომლებიც ძალაშია 2023 წლიდან.

„ეს ჩარჩო საქართველოში აწესებს მწვანე, სოციალური და მდგრადი დაფინანსების სესხების განმარტებებს და ადგენს გამჟღავნების მოთხოვნებს ფინანსური ინსტიტუტებისთვის. ამჟამად, ბანკები ტაქსონომიას იყენებენ მწვანე და სოციალური სესხების გასაცემად და ამ საქმიანობის შესახებ ეროვნული ბანკისთვის ანგარიშგებისთვის. 2024 წლის დეკემბრის მონაცემებით, მწვანე სესხები მთლიანი პორტფელის დაახლოებით 2%-ს შეადგენდა. ეროვნული ტაქსონომიების ქონა მნიშვნელოვანია ქვეყანაში თანმიმდევრულობის უზრუნველსაყოფად. თუმცა, რეგიონული და საერთაშორისო ჰარმონიზაცია ასევე აუცილებელია ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის ხელშეწყობისა და სტანდარტების ჰარმონიზაციისთვის, განსაკუთრებით იმ რეგიონებში, სადაც ფინანსური ბაზრები სულ უფრო მეტადაა ურთიერთდაკავშირებული. ამ მხრივ კიდევ ბევრი სამუშაოა გასატარებელი“, - დასძინა მან.

სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წევრი ქვეყნების ჯგუფის (OEDNE/EDS19) შეხვედრა წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან პლატფორმას, სადაც წამყვანი ქვეყნების ეკონომიკური პოლიტიკისა და ფინანსური ინსტიტუტების ხელმძღვანელი პირები, ასევე ექსპერტები ერთად განიხილავენ თანამედროვე გლობალურ გამოწვევებს და მათი გადაჭრის გზებს.

ინფორმაციას სებ - ი ავრცელებს