2022 წლის ნოემბრიდან კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ 2 000-ზე მეტი მომხმარებლის განაცხადი განიხილა.

"გარდა ამისა, მომართვიანობა კიდევ ძალიან ბევრია, რომლის შესწავლა არ დაგვიწყია, მაგრამ  მოხდა გარკვეული საკითხების მოგვარება. მაგალითად, გასულ წელს, ჩვენი ჩართულობის შედეგად მომხმარებლებმა მოვაჭრეებისგან 1 მილიონი ლარის თანხა დაიბრუნეს", - განაცხადა კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს  თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძემ.

მისი თქმით, სანამ სააგენტო დაიწყებდა ფუნქციონირებას, მომხმარებლისთვის საკუთარი უფლებების დაცვა ხარჯებთან იყო დაკავშირებული.

"მაგალითად, ვყიდულობთ ტექნიკას, ტანსაცმელს, ფიზიკურად თუ ონლაინ და ნივთი სახლში მიტანის შემდეგ არ აღმოჩნდა სათანადო, პირველ რიგში, ვეხმიანებით მოვაჭრეს და ამასთან დაკავშირებით ჩვენს პრეტენზიას ვუფიქსირებთ.  საქართველოში ძალიან ბევრი პასუხისმგებლიანი ბიზნესია, ვისთვისაც მომხმარებელი უპირველესია. განსაკუთრებით მსხვილ კომპანიებს ჰქონდათ მოწესრიგებული სავაჭრო პოლიტიკა, თუმცა, მცირე, საშუალო და ზოგიერთ მსხვილ სეგმენტშიც კი, განსაკუთრებით ონლაინ ვაჭრობის დროს, ეს  პრობლემური საკითხი იყო. იმ შემთხვევაში თუ მოვაჭრე მომხმარებელს არ დათანხმდებოდა იმ მოთხოვნაზე, რაც მას სურდა, უნდა წასულიყო სასამართლოში, ეს ხარჯიანი გზა იყო.

ჩვენი ჩართულობის შემდეგ, მომხმარებლისთვის ეს ყველაფერი ხარჯის გარეშეა. პირველ რიგში, ხდება ჩვენთან შეხმიანება, მარტივი განაცხადის წარმოდგენა და ჩვენ უკვე საქმეში ვერთვებით. საქმის განხილვის შეზღუდული, ერთ თვიანი პერიოდი გვაქვს. თუ განსაკუთრებული საქმეა და ექსპერტიზას ითხოვს, ეს შეიძლება სამ თვემდე გაგრძელდეს, თუმცა საბოლოო ჯამში გადაწყვეტილებას ვიღებთ", - აცხადებს "ბიზნესპარტნიორის" ღამის ეთერში ირაკლი ლექვინაძე და აქვე აღნიშნავს, რომ 2022 წლის ნოემბრიდან დღემდე საკითხების უმრავლესობა სააგენტოსთან შეთანხმებით დასრულდა.

"ეს ნიშნავს, რომ შესწავლის პროცესში, მოვაჭრე, მომხმარებელი და ჩვენ ვთანხმდებით -  მოვაჭრე ამბობს, რომ ავანაზღაურებ თანხას, აღვადგენ მომხმარებლის დარღვეულ უფლებას, შევცვლი ჩვენს სავაჭრო პოლიტიკას და ჩვენ ასეთი შეთანხმების პირობებში, შესწავლას ვასრულებთ", - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

მისივე თქმით, ბოლო წლებში გაზრდილია მომხმარებელთა მიმართვიანობაც.

"გასულ წელთან შედარებით, მომხმარებელთა მომართვიანობის დაახლოებით 48%-იანი ზრდაა", - აღნიშნა ირაკლი ლექვინაძე.

წყარო: bp.ge