გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ ქვეყნის მასშტაბით საირიგაციო და სადრენაჟე ინფრასტრუქტურულ მასშტაბურ პროექტებს  ახორციელებს – ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

„თელავის მუნიციპალიტეტში, სოფელ ვარდისუბნის ტერიტორიაზე, ზემო ალაზნის სარწყავი სისტემის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. დანალექი გრუნტისა და ხე-მცენარეებისგან მაგისტრალური არხის  2,7 კმ სიგრძის მონაკვეთი იწმინდება. ჩატარებული სამუშაოები არხის გამტარუნარიანობას გაზრდის, რაც წყლის შეუფერხებლად გადინებას შეუწყობს ხელს.  შედეგად,  დაახლოებით 1200 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდება გაუმჯობესდება.

სარწყავი არხის გაწმენდით სამუშაოებს საქართველოს მელიორაცია მაისის  ბოლომდე დაასრულებს.

აღსანიშნავია, რომ 2012-2024 წლებში კახეთის რეგიონში განხორციელებული სამელიორაციო ინფრასტრუქტურული პროექტების შედეგად,  წყალუზრუნვეყოფილია დამატებით 20 140 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი, ხოლო სარწყავი წყლის მიწოდება 16 285 ჰექტარზე გაუმჯობესდა“ – ნათქვამია ინფორმაციაში.