მერია თბილისში 40 ავარიული შენობის ჩანაცვლების შესაძლებლობას განიხილავს. ამის შესახებ „თბილისის განვითარების ფონდის“ მიერ პარლამენტის წევრის ქეთევან თურაზაშვილის სადეპუტატო კითხვის პასუხად გამოგზავნილი ინფორმაციიდან ირკვევა.

ფონდის ინფორმაციით, თბილისში ავარიული სახლების ჩანაცვლების ქვეპროგრამის ფარგლებში, მიმდინარე 2023 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებულია თანხა 20 000 000 ლარის ოდენობით.

მათივე ცნობით, ამ ეტაპზე ორგანიზაცია ამუშავებს 40 შენობის ჩანაცვლების შესაძლებლობას.

„მოსახლეობასთან წარმოებული მოლაპარაკებები სხვადასხვა ეტაპზეა. აქტიურ ფაზაშია აზომვითი სამუშაოებისა და მისი შედეგების შესწავლის პროცესი. ზოგიერთ შემთხვევაში, კი უკვე გაფორმდა ვალდებულების წარმომშობი უფლებამონაცვლეობის თაობაზე წინარე ხელშეკრულებებიც.

ამ დროისათვის დაწყებულია ერთი ობიექტის სამშენებლო სამუშაოები (დასრულებულია პარკინგის ზონისა და პირველი სართულის მშენებლობა, მიმდინარეობს სამუშაოები მეორე სართულის მოსაწყობად), ხოლო კიდევ ერთი ობიექტის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვისთვის გამოცხადებულია ელექტრონული პროცედურა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ელექტრონული სისტემის მეშვეობით მისი დემონტაჟისა და ახალი და მდგრადი შენობა-ნაგებობით ჩანაცვლების მიზნით,“ - ნათქვამია ფონდის მიერ დეპუტატისთვის გაგზავნილ ინფორმაციაში.