ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის პოლიტიკა დროულად იყოს გაცხადებული, რადგან ამას აქვს დიდი გავლენა და როლი სხვა მიმდინარე პროცესებთან, – ამის შესახებ ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.

მახაშვილის თქმით, საქართველოს ხელისუფლება კომუნიკაციის სხვადასხვა ფორმით გადასცემს თავის პოზიციას აშშ-ის ახალ ადმინისტრაციას.

„არ ვარ დარწმუნებული, რომ ოპოზიცია საერთოდ არის საქმის კურსში, რა პროცესები მიმდინარეობს. ამიტომ ნაკლებად შევაფასებ მათ განცხადებებს. ვწუხვართ, რომ ამ ეტაპამდე მკაფიოდ არ არის ჩამოყალიბებული ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის პოლიტიკა და ესეც გარკვეულწილად გასაგებია, რადგან მათი დღის წესრიგი საკმაოდ გადატვირთულია მსოფლიოში. ეს გვესმის, მაგრამ ამავე დროს ჩვენ გვაქვს ჩვენი ინტერესები, მნიშვნელოვანი რეგიონული და საერთაშორისო პროცესები მიმდინარეობს, მათ შორის საქართველოშიც. ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის პოლიტიკა დროულად იყოს გამოკვეთილი, გაცხადებული, რადგან ამას აქვს ძალიან დიდი გავლენა და მნიშვნელოვანი წონა, როლი სხვა იმ პროცესებთან, რომლებიც მიმდინარეობს. ამიტომ სადაც საჭიროა – ფორმალური, სადაც საჭიროა – არაფორმალური კომუნიკაციით და სადაც საჭიროა, მსგავსი წერილებით ჩვენს პოზიციებს ვაფიქსირებთ და გადავცემთ ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციას“, – აღნიშნა ლევან მახაშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და ვიცე-პრეზიდენტს, ჯეი დი ვენსს ღია წერილით მიმართა.

პირველი არხი