საქართველოდან საზღვარგარეთ მოგზაურობა გაძვირდა. გამყვანი ტურიზმის ბაზრის მოთამაშეების ნაწილი ამბობს, რომ ტურისტული პაკეტების ფასების ზრდასთან ერთად, შემცირებულია მოგზაურების რაოდენობაც.
კომპანიების მეორე ნაწილი კი პირიქით, ჯავშნების ზრდაზე საუბრობს, თუმცა ყველა თანხმდება, რომ მოგზაურობა ფინანსურად ისეთი ხელმისაწვდომი აღარ არის, როგორც წინა წლებში.
“ჰოთ თრეველ ჯგუფში” განმარტავენ, რომ ფასი საგრძნობლად გაიზარდა თურქეთში დასვენებაზე, ზრდა 30%-ს აღწევს და მთავარი მიზეზი განთავსების ობიექტებში ფასების ცვლილებაა. მათი თქმით, გაძვირდა ევროპაში დასვენებაც, უმეტესად ავიაბილეთებზე მზარდი ფასის გამო.
„მიმდინარე წლის ყველაზე პოპულარული მოთხოვნა გახლავთ პორტუგალია, ტრადიციულად თურქეთი, ევროპის მიმართულება, საბერძნეთი, კვიპროსი, საფრანგეთი, იტალია, კუნძულები ბუნებრივია, პოპულარულობით სარგებლობს ეგვიპტე, ხოლო ეგზოტიკური მიმართულებით ზანზიბარი და ბალი.
საბერძნეთის და კვიპროსის მიმართულებით ფასები თითქმის იგივეა, რაც იყო შარშან მიმდინარე პერიოდის განმავლობაში, ხოლო მაგალითად თურქეთი გაძვირებულია 20-30%-ით, თუ ნოემბერში თქვენ შეძლებდით თურქეთის მიმართულებით ტურის შეძენას დაახლოებით 2300 ლარად, დღეს იგივე ტური 5000 ლარზე მეტი ღირს.
ვერ ვიტყვი, რომ მომხმარებლების ნაკლებობაა, რა თქმა უნდა არის რაღაც პერიოდები, როცა მოთხოვნა ნაკლებად შემოდის, მაგრამ დინამიკა მაინც მზარდია, მომხმარებელი ეგუება გაზრდილ ფასებს, რაც ფაქტია იზრდება ყოველწლიურად უმრავლეს მიმართულებებზე, მაგრამ მომხმარებელი ამას ეგუება.
ფასების ზრდას განაპირობებს რამდენიმე ფაქტორი, მაგალითად თურქეთის მიმართულებით ეს არის ყოველთვის სასტუმრო, სასტუმრო აძვირებს საფასურს და ბუნებრივია ტურის ღირებულებაც იმატებს. რაც შეეხება ევროპის მიმართულებას, ის კომპანიები, რომლებიც ითვლებოდა ბიუჯეტურად, აღარ არის და ბილეთის ასი უტოლდება დანარჩენი ავიაკომპანიებისას, შესაბამისად ტურიც ძვირდება“,-აცხადებს კომპანიის მარკეტინგის მენეჯერი მეგი კიკალეიშვილი.
კომპანია "მილქი ვეის" თანადამფუძნებელი სოფო დარბაიძე bm.ge-სთან ამბობს, რომ ყველა იმ ბაზარზე, სადაც ისინი მუშაობენ ფასები თითქმის არაფერზე გაზრდილა, ტურისტულ პაკეტს კი კურსთაშორის სხვაობა აძვირებს, რადგან ტურისტული კომპანიები პაკეტებს ევროში ყიდულობენ, ლარი ევროს მიმართ მერყეობა კი ბუნებრივია დასვენებას აძვირებს.
“შარშანდელ და წლევანდელ ფასებს ვნახულობდი ერთი და იგივე პროდუქტზე და დარმწუნებით შემიძლია გითხრათ, რომ კურსის ცვლილებამ 1000 ლარიანი პროდუქტი 250 ლარით გააძვირა. შარშან რაც ღირდა 1000 ლარი, მხოლოდ იმიტომ, რომ ევროსთან მიმართებით ლარი გაუფასურდა, წელს ღირს 1250 ლარი. იმ ყველაფერს, რომ თავი დავანებოთ, რომ ისედაც ყველაფერი ძვირდება, ჩვენი რეალობა კიდევ უფრო ცუდია, რადგან ლარი არ არის მყარი. ნებისმიერ ბაზარზე, არ აქვს მნიშვნელობა აზიური ბაზარი იქნება, თუ ევროპული, ჩვენ პროდუქტს ვყიდულობთ ევროში, შესაბამისად რომელ ქვეყანაზეც არ უნდა იმუშაო ფასთაშორის სხვაობა მოთხოვნას ამცირებს ან მაინც მოგზაურობენ, მაგრამ ამ ყველაფერს აკეთებენ ხარისხის და უსაფრთხოების ხარჯზე”,- აცხადებს დარბაიძე.