აუბედუროდ, თუ გავაგრძელეთ ის პოლიტიკა, რასაც „ქართული ოცნება“ ატარებს, ჩვენ ვდგებით დასავლური სანქციების საფრთხის ქვეშ. მოსახლეობას უნდა ესმოდეს, რომ დასავლური სანქციები ამ ქვეყნისთვის კატასტროფას ნიშნავს, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი ქადაგიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ განაცხადა.

კითხვაზე, არის თუ არა საქართველო სანქციებისთვის თავის არიდების გზა, ქადაგიძემ აღნიშნა, რომ სამწუხაროდ, საქართველო მკაფიოდ პოზიციონირებს, როგორც რუსეთის მოკავშირე.

„სამწუხაროდ, საერთაშორისო პრესას თუ გადავხედავთ, ძალიან სამწუხაროა, მაგრამ საქართველო მკაფიოდ პოზიციონირებს, როგორც რუსეთის მოკავშირე. რიცხვებსაც რომ თავი დავანებოთ, საქართველო რუსი მიგრანტების მომსახურების ეკონომიკა გახდა. ასევე, იმის გამო, რომ ტვირთების დასავლურმა კომპანიებმა რუსეთში უარი თქვეს ტვირთების გადატანაზე, ე.წ. საშუალო კორიდორით ხდება გადატანა და ამის ხარჯზე, პრაქტიკულად ჩვენ ის რიცხვები მივიღეთ, რითაც „ქართული ოცნება“ ამაყობს. მთავარი საფრთხე წინ გვაქვს. საუბედუროდ, თუ ჩვენ გავაგრძელეთ ის პოლიტიკა, რასაც „ქართული ოცნება“ ატარებს, ჩვენ ვდგებით დასავლური სანქციების საფრთხის ქვეშ. მოსახლეობას უნდა ესმოდეს, რომ დასავლური სანქციები ამ ქვეყნისთვის კატასტროფას ნიშნავს. ეს გააძვირებს საპროცენტო განაკვეთებს, შეამცირებს შესყიდვებს, ქართული ბიზნესისთვის ეს დამღუპველი იქნება, სავარაუდოდ, დღის წესრიგში დადგება ყველანაირი თანამშრომლობა ნორმალურ კომპანიებთან, თითოეულ ადამიანის ყოფით საკითხზე აისახება, თავი რომ დავანებოთ მორალურ ასპექტს“,- აღნიშნა ქადაგიძემ.

მან რუსეთთან ვაჭრობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ „რუსეთთან ვაჭრობა კარგი არ არის. არ არსებობს არცერთი ქვეყანა, რომელიც რუსეთთან ვაჭრობით გამდიდრდა“. მისივე თქმით, იმის მტკიცება, რომ დღეს, საქართველოში ეკონომიკური ბუმია და ხალხი კარგად ცხოვრობს, აბსურდია.

„ქართული ოცნება“ რეალობისგან საპირისპიროს ამბობს. „ქართული ოცნება“ გვეუბნება, რომ თურმე, ნიდერლანდებთან, ლუქსემბურგთან, ბელგიასთან და ევროკავშირთან ვაჭრობა არასტაბილურობა და ომია, ამით ჩვენ ვღატაკდებით, რუსეთთან ვაჭრობა კი სტაბილურობაა და დოვლათი. ძალიან მნიშვნელოვანია, თუ რაშია რუსეთთან ვაჭრობის პრობლემა. რუსები მუდმივად აკეთებენ ეკონომიკური ბერკეტების ინსტრუმენტალიზაციას პოლიტიკური მოტივით. ჩვენ გვახსოვს, ერთ დღეს ონიშენკომ გამოაცხადა, რომ თურმე ჩვენი ღვინო არ ვარგა, შემდეგ გამოაცხადა, რომ სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია არ ვარგა, შემდეგ ენერგო ემბარგო იყო. ჩვენ რომ მთლიანად ჩამოვეკიდეთ რუსეთს ენერგეტიკის და ვაჭრობის თვალსაზრისით, ყველაზე არასტაბილური ბაზარია ეს, ეს ბაზარი ერთ დღეში გადაიკეტება და ჩვენი კომპანიები ისევ დადგებიან გაკოტრების პირას. თუ მაშინ, როდესაც ემბარგო დაწესდა გამოსავალი ის იყო, რომ წავედით და ევროკავშირის, დასავლური პარტნიორების მეშვეობით გამოვძვერით ამ სიტუაციიდან, ახლა არსად წასასვლელი არ გვექნება. გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდის წყარო ყოველთვის დასავლეთია. როდესაც ვამბობთ, რომ რუსეთთან ვაჭრობით ვმდიდრდებით, რა ხდება? თბილისი, გადაიქცა ერთ-ერთ ყველაზე ძვირ ქალაქად. თბილისში უფრო ძვირია ცხოვრება, ვიდრე ბევრ ევროპულ ქალაქში. ჩვენ 100 ათასი რუსი მიგრანტი მივიღეთ, რომელიც ჩამოვიდა საქართველოში და თბილისში ახალი საშუალო ფენა შექმნა. შესაბამისად, ეს აისახა ფასებსა და ცხოვრების დონეზე. რა თქმა უნდა, იმის მტკიცება, რომ დღეს, საქართველოში ეკონომიკური ბუმია და ხალხი კარგად ცხოვრობს, აბსურდია“,- აღნიშნა ქადაგიძემ.

მისივე თქმით, თუ საქართველო რუსეთის "უკანა ეზოდ" გადაიქცევა, აქ ევროპელი ტურისტი აღარ ჩამოვა.

„საქართველოს აბსოლუტური უმეტესობა საკუთარ ჯიბეზე გრძნობს უკეთესობას?! რა თქმა უნდა, გაძვირებულ ფასებს გრძნობს, მათი ხელფასები არ იზრდება, მათი პენსია არ იზრდება, ძირითადი მოხმარების ფასები იზრდება, ინფლაცია ისტორიულ მაქსიმუმზეა, ვინ გრძნობს ამით სარგებელს? ამით სარგებელს გრძნობს მხოლოდ ის ვიწრო ჯგუფი, ვინც უშუალოდ არის დაკავშირებული ამ პროცესში. რუსი ტურისტი გაცილებით ნაკლებს ხარჯავს, ვიდრე ევროპელი. თუ ჩვენ ვპოზიციონირდებით ქვეყანა, სადაც ლავროვის შვილი და "კადიროველები" დადიან თბილისის და ბათუმის ქუჩებში, რა თქმა უნდა, ამ ქვეყანას ვაპოზიციონირებთ, როგორც რუსეთის უკანა ეზოს. თუ გვინდა, რომ რუსეთის უკანა ეზო იყოს ეს ქვეყანა და კრასნოდარის მხარე, გუბერნია, აქ ევროპელი ტურისტი, რომელიც გაცილებით მეტს ხარჯავს და გაცილებით პატივს ცემს ადათებს, აღარ ჩამოვა“,- აღნიშნა ქადაგიძემ.

ipn.ge