ევროპოლმა დააკავა ბანდის წევრები, რომლებიც ბიბლიოთეკებიდან ძველ წიგნებს იპარავდნენ. ევროპულმა პოლიციამ ამ კვირაში დააკავა შვიდი ადამიანი, რომლებიც ეჭვმიტანილები არიან იშვიათი წიგნების ქურდობაში, ძირითადად რუსი მწერლების (მათ შორის, ალექსანდრე პუშკინისა და ნიკოლაი გოგოლის პირველი გამოცემების). მათი ქმედებით მიყენებულმა ზარალმა 2,5 მილიონ ევროზე მეტი შეადგინა.

საერთო ჯამში, 2022-2023 წლებში კრიმინალურმა ჯგუფმა (რომლის ორი წევრი ადრე დააკავეს) სავარაუდოდ მოიპარა დაახლოებით 170 წიგნი გერმანიის, ესტონეთის, ლატვიის, ლიეტუვის, პოლონეთის, ფინეთის, საფრანგეთის, ჩეხეთის რესპუბლიკისა და შვეიცარიის ბიბლიოთეკებიდან.

ყველაზე ხშირად, ბიბლიოთეკებში კრიმინალური ჯგუფის წევრები ითხოვდნენ იშვიათ და ძვირფას წიგნებს, შემდეგ „საგულდაგულოდ სინჯავდნენ გამოცემებს,უღებდნენ ფოტოებს“ და აბრუნებდნენ. გარკვეული პერიოდის შემდეგ ქურდები ისევ ითხოვდნენ იგივე წიგნებს და ორიგინალებს მაღალი ხარისხის ყალბი წიგნებით ცვლიდნენ. თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში, კრიმინალები უბრალოდ იჭრებოდნენ ბიბლიოთეკებში და იპარავდნენ წიგნებს - აღნიშნავს ევროპოლი.

მოპარული საქონლის ნაწილი რუსეთში აუქციონებზე გაიყიდა და ამ წიგნების დაბრუნება სავარაუდოდ ვეღარ მოხერხდება.

საქართველოსა და ლატვიაში პოლიციის ოპერაციაში ჩართული იყო 100-ზე მეტი სამართალდამცავი, რომლებმაც სულ 27 ლოკაცია გაჩხრიკეს, ნათქვამია ევროპოლის პრესრელიზში.

24 აპრილს პოლიციამ ოთხი ადამიანი დააკავა და 150-ზე მეტი წიგნი ამოიღო. კიდევ სამი ეჭვმიტანილი დააკავეს ესტონეთში, საფრანგეთსა და ლიეტუვაში. ორი ეჭვმიტანილის დაკავება ჯერ კიდევ იანვარში მოხდა, ამის შესახებ ინფორმაცია მაშინ ფრანგულმა მედიამ გაავრცელა.