ერთი წლით ბინადრობის უფლების მისაღებად, შესაბამისი დისკრეციით, უცხოეთის მოქალაქის მიერ, 100 000 დოლარის ნაცვლად, საქართველოში 150 000 დოლარის უძრავი ქონების შეძენა იქნება საჭირო. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საინვესტიციო პირობა მცირედით მკაცრდება.

„მესამე მიმართულება არის საინვესტიციო ნებართვების მიმართულება. მოგეხსენებათ, უცხოეთის მოქალაქე საქართველოში თუ შეიძენს 100 000 დოლარის ღირებულების უძრავ ქონებას, შესაძლებელია, მასზე ერთი წლით გაიცეს ბინადრობის უფლება, შესაბამისი დისკრეციით, ოღონდ ყველა ვარიანტში არა. ბოლო ექვსი წლის განმავლობაში ასეთი ნებართვა მიიღო უცხოეთის 16 000-მა მოქალაქემ, ბინადრობის ნებართვაზე მაქვს საუბარი, და აქედან ბინადრობის ნებართვა დღეს შენარჩუნებული აქვს მხოლოდ 3 600 ადამიანს. ამის მიუხედავაც კი, ჩვენ ვზრდით, ცოტათი ვამკაცრებთ საინვესტიციო პირობას და, ნაცვლად 100 000 დოლარისა, ეს იქნება 150 000 დოლარის ექვივალენტი, რომ მეტი ინვესტიცია შემოვიდეს და გამკაცრდეს ეს პირობებიც. თუმცა ეს არ არის სფერო, სადაც ჩვენ დეველოპერებს უნდა დავარტყათ და რაღაც გავზარდოთ არაბუნებრივ თანხებამდე, რადგან 3 600 ადამიანი ბინადრობის უფლებით რაიმე საშიშროებას ნამდვილად არ წარმოადგნეს, როდესაც ამაზე აპალირებენ ხოლმე“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

1tv.ge