საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების შეფასებით, საჯარო სექტორში დასაქმებულების უფლებრივი მდგომარეობის თვალსაზრისით ქვეყანას მნიშვნელოვანი უკუსვლა აქვს. ამის მიზეზად ორგანიზაცია ,,საჯარო სამსახურს შესახებ“ კანონში მიღებულ ცვლილებებს ასახელებს. კონკრეტულად, კანონის რომელი ნორმები აუარესებს მდგომარეობას? საკითხზე ,,კომერსანტი’’ პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარეს ესაუბრა. ირაკლი პეტრიაშვილი აცხადებს, რომ ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილებები ეწინააღმდეგება შრომის საერთაშორისო სტანდარტებს, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას, საქართველოს კონსტიტუციას, საქართველოს საკონსტიტუციო და საერთო სასამართლოების დადგენილ პრაქტიკას.

,,კანონპროექტის მომზადების პროცესში უგულებელყოფილ იქნა ქვეყანაში მოქმედი ყველაზე წარმომადგენლობითი დასაქმებულთა ორგანიზაციის - საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ჩართულობა, რითაც დარღვეულ იქნა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ფუნდამენტური სტანდარტები და საქართველოს მიერ რატიფიცირებული შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის №144 კონვენციის მოთხოვნები, რომელიც ავალებს წევრ სახელმწიფოებს შრომის საკითხებზე უზრუნველყოს ეფექტიანი კონსულტაციების გამართვა დამსაქმებელთა გაერთიანებებთან და პროფესიულ კავშირებთან.’’- განმარტავს ირაკლი პეტრიაშვილი.

პროფესიული კავშირების გაერთიანებამ ცვლილებებთან დაკავშირებით კრიტიკული პოზიცია კანონპროექტის ინიცირების ეტაპზევე დააფიქსირა, თუმცა ახალი საკანონმდებლო ნორმები მაინც განიხილეს და მიიღეს. ირაკლი პეტრიაშვილი აცხადებს, რომ ცვლილებების დამტკიცებით ქვეყანაში იმაზე უარესი ვითარება შეიქმნა, ვიდრე 2006 წელს მიღებული შრომის კოდექსით იყო.

,,მიუხედავად იმისა, რომ საწყის ეტაპზევე კრიტიკულად გამოვეხმაურეთ ცვლილებებს და მოვითხოვეთ მისი გახმობა, კანონპროექტი საპარლამენტო მოსმენების ეტაპზე მკვეთრად გაუარესდა და შედეგად მივიღეთ იმაზე უარესი მდგომარეობა, ვიდრე გვქონდა 2006 წელს მიღებული შრომის კოდექსით, რომელიც სწორედ ჩვენი ანგარიშების საფუძველზე, წლების მანძილზე წარმოადგენდა შრომის  საერთაშორისო ორგანიზაციის მწვავე კრიტიკის საგანს.’’- განმარტავს ირაკლი პეტრიაშვილი.

პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარეს ვთხოვეთ, დაესახელებინა კანონის ის ნორმები, რომლებიც მათი შეფასებით განსაკუთრებით პრობლემურია. ირაკლი პეტრიაშვილი რამდენიმე საკითხს გამოყოფს. მათ შორის არის შუა რგოლის მენეჯერებისათვის საჯარო მოხელის სტატუსის გაუქმება.

,,საჯარო დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები, ანუ შუა რგოლის მენეჯერები, აღარ მიიჩნევიან საჯარო მოხელეებად, არამედ არიან ადმინისტრაციული ხელშეკრულებით, დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ, მისივე უფლებამოსილების ვადით დანიშნული პირები. გამარტივებულია მათი სამსახურიდან გათავისუფლება. გათავისუფლება შესაძლებელია მხოლოდ 1 თვით ადრე გაფრთხილებით და 1 თვიანი კომპენსაციის მიცემის გზით. მითითებული რეგულაცია პრაქტიკულად მოწყვლადს ტოვებს საჯარო სამსახურში ძალიან მნიშვნელობის პოზიციებზე დასაქმებულებს, რაც აისახება საჯარო მოხელეებზე.’’- აცხადებს ირაკლი პეტრიაშვილი.

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებაში პრობლემურად მიიჩნევენ ასევე საჯარო მოხელეების შეფასების პერიოდულობას. კანონის ახალი რედაქციის მიხედვით, ყველა საჯარო მოხელის შეფასება 6 თვეში ერთხელ მოხდება. ძველი ნორმით კი ისინი წელიწადში ერთხელ ფასდებოდნენ.

,,მოხელის მიერ არადამაკმაყოფილებელი შეფასების მიღების შემთხვევაში, მას დაუკავდება თანამდებობრივი სარგოს 20% მისი მომდევნო შეფასების შედეგებამდე, რაც აქამდე არ არსებობდა. ორივეჯერ არადამაკმაყოფილებელი შეფასების მიღების შემთხვევაში კი მოხელე ექვემდებარება სამსახურიდან გათავისუფლებას. საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელს ენიჭება უფლებამოსილება შეცვალოს მოხელის უშუალო ხელმძღვანელის მიერ მომზადებული შეფასება ამ შეფასებიდან 1 თვის ვადაში. შეფასებაზე კი დამოკიდებულია, მათ შორის, მოხელის კლასი, საკლასო დანამატი.’’- განმარტავს ირაკლი პეტრიაშვილი.

კიდევ ერთი პრობლემური საკითხი, რომელსაც პროფკავშირები გამოყოფენ რეორგანიზაციის საფუძველზე გათავისუფლებული მოხელის სამსახურში აღდგენას უკავშირდება. სასამართლოს მიერ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში საჯარო უწყებას თანამშრომლის აღდგენის ვალდებულება არ აქვს.

,,მობილობის წესი არ ვრცელდება რეორგანიზაციის შემთხვევებზე. სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებების გასაჩივრება არ აჩერებს მიღებულ აქტებს. ხოლო სასამართლო გადაწყვეტილებით რეორგანიზაციის საფუძვლით სამსახურიდან გათავისუფლებული პირის მოთხოვნის დაკმაყოფილება არ იწვევს უკანონოდ გათავისუფლებული პირის სამსახურში აღდგენას. დავის მოგების შემთხვევაში, გათავისუფლებულ მოხელეს მიეცემა მხოლოდ 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით კომპენსაცია.’’- განმარტავს ირაკლი პეტრიაშვილი.

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ამბობს, რომ აღნიშნული რეგულაციის პირობებში განსაკუთრებით დიდი რისკის ქვეშ ექცევიან პროფკავშირის წევრი საჯარო მოხელეები, რომლებიც პროფკავშირულ ნიშნით სამსახურიდან რეორგანიზაციის საფუძვლით გათავისუფლების შემთხვევაში, ვერ შეძლებენ საკუთარი უფლებების აღდგენას. -,,ეს კი არსებითად უარყოფით გავლენას მოახდენს პროფკავშირის წევრებზე, შიშის გამო გამოიწვევს მათ გადინებას პროფკავშირული ორგანიზაციებიდან. მით უფრო იმ პირობებში, როდესაც აღნიშნულ სექტორში არ არის გაფორმებული არცერთი კოლექტიური ხელშეკრულება.’’- ამბობს ირაკლი პეტრიაშვილი.