შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია საქართველოს ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ კანონში განხორციელებულ ცვლილებებს აკრიტიკებს. ორგანიზაციის წვერი 25 სახელმწიფოს წარმომადგენლები ჟენევაში შეიკრიბნენ. 6 ივნისს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის სტანდარტების კომიტეტის სხდომა გაიმართა, სადაც საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებამ აღნიშნულ კანონში განხორციელებული ცვლილებების შესახებ ისაუბრა. მანამდე, 25 თებერვალს პროფკავშირებმა ორგანიზაციას მიმართა და აღნიშნული საკითხით დაინტერესება და მისი შეფასება ითხოვა.

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი ,,კომერსანტთან“ აცხადებს, რომ სტანდარტების კომიტეტის წინაშე მათი მხრიდან მთავარი აქცენტი სწორედ ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ კანონში ცვლილებებზე გაკეთდა. მისივე შეფასებით, ამოქმედებული ცვლილებები ეწინააღმდეგება შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ფუნდამენტურ სტანდარტებს, გაერთიანების თავისუფლებას და კოლექტიური მოლაპარაკებების უფლებას.

,,ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ კომიტეტის მიერ გაკეთებული რეკომენდაციების შესაბამისად საკითხის განხილვა მოხდება სამმხრივ ფორმატში, სახელმწიფოს, პროფკავშირების და დამსაქმებელთა ორგანიზაციების ჩართულობით და შედეგად, მივაღწევთ  საჯარო მოხელეებისთვის დაცვის მყარი გარანტიების დადგენას, ისევე როგორც ჩვენ ეს შევძელით, მათ შორის შსო-ს (შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის) მექანიზმების აქტიურად გამოყენებით წლების წინ, რის შედეგადაც გაუმჯობესდა დასაქმებულთა დაცვის სტანდარტები შრომის  კოდექსში, მიღებული იქნა კანონი შრომის უსაფრთხოების შესახებ,  აღდგენილი იქნა შრომის ინსპექცია და ა.შ.’’- აცხადებს ,,კომერსანტთან“ ირაკლი პეტრიაშვილი.

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ამბობს, რომ სტანდარტების კომიტეტზე განხილვის პროცესში არაერთი ქვეყნისა და საერთაშორისო გლობალური პროფკავშირის კრიტიკული შეფასებები მოისმინეს.

,,ჩვენ მოვისმინეთ არაერთი ქვეყნის და საერთაშორისო გლობალური პროფკავშირის კრიტიკული შეფასებები ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში განხორციელებული ცვლილებების შედეგად საჯარო მოხელეთა დაცვის გარანტიების უგულებელყოფაზე, რაც გამოიხატება ხელმძღვანელი პირების საჯარო მოხელის სტატუსის დაკარგვაში, გათავისუფლების სიმარტივეში, სამსახურში აღდგენის გაუქმებაში და შედეგად, მნიშვნელოვანი ფუნდამენტური უფლებების იგნორირებაში. ყოველივე ამან საფუძველი გამოაცალა შრომის სფეროში იმ პოზიტიურ ცვლილებებს, რაც ბოლო წლებში საქართველოში სწორედ შსო-ს ჩართულობით და მხარდაჭერით განხორციელდა.’’- აცხადებს ირაკლი პეტრიაშვილი.

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებაში განმარტავენ, რომ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის საზედამხედველო მექანიზმების გამოყენებით შესაძლებელია მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების ინიცირება.

,,შსო-ს ამ მიმართულებით წევრ სახელმწიფოებს სთავაზობს ტექნიკურ მხარდაჭერას, რაც ასევე გულისხმობს მაღალი დონის საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით საკანონმდებლო ჩარჩოს გაუმჯობესებას და მის მოყვანას შესაბამისობაში შსო-ს სტანდარტებთან. აღსანიშნავია, რომ კომიტეტზე სახელმწიფოს წარმომადგენლებმა გამოთქვეს სრული მზაობა აქტიურად ითანამშრომლონ სოციალურ პარტნიორებთან სამმხრივ ფორმატში და ამისთვის, გამოიყენონ შსო-ს ტექნიკური მხარდაჭერა.’’- განმარტავს ირაკლი პეტრიაშვილი.