რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „კომერსანტის დილა“, იურისტმა, სამოქალაქო უფლებების სპეციალისტმა და ბიზნეს მრჩეველმა გვანცა ჟორჟოლიანმა მომხმარებელთა უფლებებზე ისაუბრა. 

მან განმარტა, თუ რა უფლებები აქვთ მომხმარებლებს პროდუქტის რეალურად შეძენისას და რა უფლებებით სარგებლობენ ისინი ონლაინ ვაჭრობისას. 

„რეალურად ვაჭრობის დროს მოვაჭრეს აქვს ვალდებულება მომხმარებელს მიაწოდოს ინფორმაცია, გასცეს გარანტია და უზრუნველყოს მიწოდება.

ინფორმაციის მიწოდება გულისხმობს, რომ გასაგებ ენაზე უნდა იყოს მითითებული პროდუქტის სახელი, მწარმოებელი ქვეყანა და ზუსტი ფასი. მიწოდება რა თქმა უნდა, დაუყოვნებლივ უნდა განახორციელოს მოვაჭრემ, თუმცა კანონით მას მიწოდებისთვის აქვს განსაზღვრული მაქსიმუმ 30 დღე“, - აღნიშნა იურისტმა. 

როგორც მან აღნიშნა, თუ მომხმარებელი უკმაყოფილოა მომსახურების პირობებით, მან მიიღო დაზიანებული ნივთი, სხვა ნივთი ან შეკვეთილი ნივთი განსხვავებული ზომებით, ფერით და ა.შ.  თავისი პრეტენზიის დაფიქსირება მას კონკურენციის ცხელი ხაზის ნომერზე და შესაბამის ონლაინ პლატფორმაზე შეუძლია. 

„კონკურენციის სააგენტოს ჩართულობით, კანონიდან გამომდინარე დააფიქსიროს თავისი პრეტენზია და გაარკვიოს, სად არის მართალი და სად არის მტყუანი. მომხმარებელს შეუძლია დარეკოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ცხელ ხაზზე და დააფიქსიროს საჩივარი. ასევე შეუძლია ამის გაკეთება ონლაინ. საჩივარი 10 დღის ვადაში განიხილება და მიიღება გადაწყვეტილება. 

მომხმარებელს შეუძლია მოითხოვოს, ნივთის შეცვლა, თანხის უკან დაბრუნება, ფასდაკლება და ან შეძენილი პროდუქტის სხვა ნივთით ჩანაცვლება.

იმ შემთხვევაში თუ დადგინდა, რომ მოვაჭრემ დაარღვია მომხმარებელთა დაცვის უფლებები, ობიექტი ჯარიმდება. ჯარიმის თანხა კანონით განისაზღვრა შემდეგნაირად. ხდება ობიექტის მიერ 1 წლის განმავლობაში ნავაჭრის თანხის დათვლა და ჯარიმა არის ამ თანხის 2%. დარღვევის განმეორების შემთხვევაში ჯარიმა ორმაგდება“, - განმარტა გვანცა ჟორჟოლიანმა. 

მისი თქმით, ონლაინ შეძენილი ნივთის დაბრუნება მომხმარებელს უპირობოდ 14 დღის ვადაში შეუძლია, თუმცა აქაც არის გამონაკლისები, როცა ნივთი არ ბრუნდება. 

„ონლაინ ვაჭრობის დროს შეძენილი ნივთის უპირობო დაბრუნება შეუძლია მომხმარებელს 14 დღის განმავლობაში. ნივთის დაბრუნება არ შეიძლება იმ შემთხვევაში, თუ ის გამოყენებულია, თუ აუქციონით არის შეძენილი, თუ ჰერმეტულობა არის დარღვეული და რაც მთავარია, პროდუქტი უნდა იყოს 30 ლარზე მეტი ღირებულების“, - განაცხადა იურისტმა. 

მან გადაცემაში ერთ-ერთი მსმენელის კითხვას უპასუხა, რომელიც კონკრეტული კონცერტის გაუქმების შემდეგ, ბილეთის თანხის არ დაბრუნებას და თანხის ბალანსზე განთავსებას ეხებოდა. მსმენელის კითხვას, დაირღვა თუ არა მისი უფლება, იურისტმა უპასუხა, რომ ასეთ შემთხვევაში ბილეთის თანხის უკან არ დაბრუნება და თუნდაც მომხმარებლის ბალანსზე დასმა, მომხმარებელთა უფლებების დარღვევაა და მყიდველს შეუძლია კონკურენციის სააგენტოს მიმართოს.