საავტორო უფლებების დარღვევისას, ინტერნეტ მიმწოდებლებს ("მაგთიკომი", "სილქნეტი" და ა.შ.) შესაძლოა, პასუხისმგებლობა დაეკისროთ. შესაბამისი ცვლილებების განხორციელება საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ კანონში იგეგმება. საკითხზე ,,საქპატენტის" თავმჯდომარემ სოსო გიორგაძემ გადაცემა ,,ბიზნესპარტნიორში" ისაუბრა. სოსო გიორგაძის განმარტებით, ინიციატივის მიზანია ინტელექტუალური შემოქმედების ავტორების უფლებები დაცული იყოს.

"საქპატენტის" თავმჯდომარის თქმით, თუ კონკრეტული მასალის ავტორი დაადასტურებს, რომ მის საკუთრებაში არსებული მასალა ინტერნეტში არაუფლებამოსილი პირის მიერაა გავრცელებული, ინტერნეტ პროვაიდერი ვალდებული იქნება, აღნიშნული ინფორმაცია 24 საათში პლატფორმიდან ამოიღოს.

"ჩვენ ვსაუბრობთ ქართულ ინტერნეტ პროვაიდერებზე ("მაგთიკომი", "სილქნეტი" და .), რომლებიც მოსახლეობასთან შუალედური მიმწოდებლების ფუნქციას ასრულებენ, ვალდებული იქნებიან, რეაგირება მოახდინონ საავტორო უფლებების დარღვევის ფაქტებზე. მუსიკა, ფილმი და სხვა კულტურული პროდუქტები ავტორებისთვის არა მხოლოდ შემოქმედებითი, არამედ ფინანსური რესურსის წყაროა, შესაბამისად, აუცილებელია, ინტერნეტსივრცეში მათი არალეგალური გავრცელება აღიკვეთოს", - აღნიშნავს სოსო გიორგაძე.

სოსო გიორგაძემ აღნიშნა, რომ ინიციატივა არ შეეხება ისეთ გლობალურ სოციალურ ქსელს, მაგალითად, როგორიცაა FACEBOOK, რადგან აღნიშნულ პლატფორმას დამოუკიდებელი მარეგულირებელი პოლიტიკა აქვს.

"ძალიან მნიშვნელოვანია, მოსახლეობას წვდომა რეალურ საავტორო უფლებების მქონე დაცულ მასალაზე ჰქონდეს. ეს ყველაფერი ძალიან გავრცელებული მთელს მსოფლიოში, მათ შორის, საქართველოში, როდესაც .. მეკობრეობრივი გზით ხდება, სხვადასხვა, მასალის ინტერნეტსივრცეში განთავსება. თუმცა ხაზი უნდა გავუსვა, მაგალითად, FACBOOK განსხვავებული სტრუქტურაა, საკუთარი მარეგულირებელი აქტები აქვს, როდესაც FACBOOK-ზე ხდება დარღვევა დაზარალებულმა აღნიშნული სოციალურ ქსელის ადმინისტრაციას უნდა მიმართოს", - აღნიშნავს სოსო გიორგაძე.

წყარო: https://bp.ge/news/sazogadoeba/saavtoro-uflebebis-darghvevisas-internet-mimtsodeblebs-shesadzloa-pasukhismgebloba-daekisrot