კომუნიკაციების კომისიამ საქართველოში გაფართოებული ურთიერთჩართვის (IP პირინგის) მომსახურებისა და ინტერნეტის გაცვლის წერტილების (IXP) განვითარების ბარიერების შესასწავლად კვლევა დაიწყო. კომისიაში აცხადებენ, რომ პროექტის მიზანია გამოვლინდეს და აღმოიფხვრას ბაზრის განვითარების შემაფერხებელი გარემოებები, რათა გაძლიერდეს კონკურენტული გარემო და მომხმარებლებმა გაუმჯობესებული ინტერნეტსერვისი მიიღონ.
პროექტის ფარგლებში, კვლევაში მონაწილე ექსპერტებმა „მაგთიკომთან“, „სილქნეტთან“, „ახალ ქსელებთან“, „კავკასუს ონლაინთან“ და მცირე და საშუალო ოპერატორების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრები გამართეს, რომლის ფარგლებშიც, პრაქტიკის, შეზღუდვების და ბაზრის სპეციფიკის გაანალიზების მიზნით სიღრმისეული ინტერვიუები ჩატარდა.
პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია დამკვიდრებული პრაქტიკის შესწავლა IP ურთიერთჩართვის ადგილობრივ ბაზარზე - თუ როგორ ცვლიან ერთმანეთში ინტერნეტ რესურსებს ოპერატორები, რამდენად ხელმისაწვდომია პირდაპირი ურთიერთჩართვა და რა სირთულეებს აწყდებიან სექტორის წარმომადგენლები. ამასთან, შეფასდება ადგილობრივ, ქეშირებულ და გლობალურ კონტენტთან წვდომის პირობები, რაც გავლენას ახდენს ინტერნეტის სიჩქარეზე, ხარისხზე და მომხმარებელთა კმაყოფილებაზე. გარდა ამისა, კვლევა მოიცავს საქართველოში IXP ინფრასტრუქტურის სრულფასოვანი განვითარების ხელისშემშლელი ფაქტორების ანალიზს და საერთაშორისო პრაქტიკის კვლევას, რაც კომუნიკაციების კომისიას შესაბამისი ხელშემწყობი მექანიზმების შემუშავებაში დაეხმარება.
პროექტს კომუნიკაციების კომისია საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია Plum Consulting Paris SAS-ის მხარდაჭერით ახორციელებს, რომელიც უკვე მრავალი წელია სატელეკომუნიკაციო და ციფრული რეგულირების მიმართულებით მუშაობს. კვლევაში კი მაღალი კვალიფიკაციის მქონე ექსპერტები - სემ ვუდი, გრანტ ფორსაითი და მაიკ ბლანში არიან ჩართულები.