ევროკავშირის ზოგიერთი სახელმწიფოს მხრიდან არაერთი უსამართლო ნაბიჯი და პირობა იყო მიღებული. მოლოდინი არ მაქვს, რომ კაია კალასის მიერ ნახსენებ წერილში რაიმე გამყარებული მტკიცებულებების საფუძველზე იქნება, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს მთავრობა დიალოგისთვის მზად არის, თუმცა საუბარი უნდა იყოს არა ხელის გადაგრეხით, კონკრეტული არგუმენტებით უნდა იყოს საუბარი, სად არის პრობლემა და რა შეიძლება, ხელისუფლებამ გააკეთოს.

„უვიზო მიმოსვლას არანაირი საფრთხე არ ემუქრება. ყოველთვის არიან სახელმწიფოები, რომლებიც ცდილობენ, ეს თემა პოლიტიკურ იარაღად და შანტაჟად გამოიყენონ, მაგრამ ამ საკითხს არანაირი საფრთხე არ ემუქრება. ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ ამ თემაზე კითხვები არ გაჩნდეს. რაც შეეხება წერილს, რომელიც კაია კალასმა ახსენა, აქაც ახალი არაფერია, სავარაუდოდ, საუბარია ევროკომისიის მიერ დეკემბერში გამოქვეყნებულ დასკვნაზე, რომელიც ვიზალიბერალიზაციის შესრულების ანგარიშს ეხებოდა. მაშინ იქ რამდენიმე საკითხი იყო აღნიშნული, რაც საქართველოს უნდა გაეკეთებინა. ეს იყო – გამჭვირვალეობის, ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონების გაუქმება, ასევე ანტიკორუფციულ ბიუროსთან დაკავშირებული საკითხები, წერილში, სავარაუდოდ, ყურადღება ამ საკითხებზე იქნება გამახვილებული. წერილი მოვა, ვნახავთ, შევისწავლით და შესაბამის გადაწყვეტილებას მივიღებთ“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.

მისი თქმით, ვიზალიბერალიზაციის შესრულების ფუნდამენტი მყარია.

„ვიზალიბერალიზაციის შესრულების ფუნდამენტი მყარია, ძირითადი ბაზა, რაც აუცილებელია ამ საკითხის დაცვისთვის – და საუბარია უსაფრთხოების დაცვაზე – მყარია. დიალოგისთვის მზად ვართ, თუმცა საუბარი უნდა იყოს არა ხელის გადაგრეხით, კონკრეტული არგუმენტებით უნდა ვისაუბროთ, სად არის პრობლემა და რა შეიძლება, ხელისუფლებამ გააკეთოს. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამ საკითხს რაიმე რეალური საფრთხე არ შეექმნას. ყოველთვის იქნებიან სახელმწიფოები, რომლებიც ამ საკითხს პოლიტიკურ იარაღად გამოიყენებენ. ჩვენი მთავარი მიზანია, საკითხს საფრთხე არ შეექმნას. წერილი მოვიდეს და ვნახავთ, რა წერია. წერილს ძალიან გულისყურით განვიხილავთ. ევროკავშირის ზოგიერთი სახელმწიფოს მხრიდან არაერთი უსამართლო ნაბიჯი და პირობა იყო მიღებული. ამიტომ, მოლოდინი არ მაქვს, რომ კაია კალასის მიერ ნახსენებ წერილში რაიმე გამყარებული მტკიცებულებების საფუძველზე იქნება“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა განაცხადა, რომ „საქართველოში სერიოზულ უკუსვლას ვხედავთ და განვიხილავთ, რა შეგვიძლია, გავაკეთოთ კიდევ, ყველა ვარიანტი მაგიდაზეა, მათ შორის უვიზო რეჟიმის შეჩერება“.  მისი თქმით, საქართველოს მთავრობას დღეს წერილი გაეგზავნება უვიზო რეჟიმთან დაკავშირებით, „მათ გარკვეული პირობები უნდა შეასრულონ და თუ ეს პირობები კონკრეტულ ვადაში არ დაკმაყოფილდება, მაშინ უვიზო რეჟიმის შეჩერება მოგვიწევს“.

პირველი არხი