ჩინეთის მშპ 2025 წლის მეორე კვარტალში წლიურად 5.2%-ით გაიზარდა, მონაცემებს ქვეყნის სტატისტიკის ეროვნული ბიურო ავრცელებს.
ზრდა შენელდა პირველ კვარტალთან შედარებით (5.4%), მაგრამ გადააჭარბა „როიტერის“ მიერ გამოკითხულ ანალიტიკოსების მონაცემებს, რომლებიც 5.1%-იან მატებას ელოდნენ. წლის პირველ ნახევარში ჩინეთის მშპ წლიურად 5.3%-ით გაიზარდა.
მსოფლიოში სიდიდით მეორე ეკონომიკამ მოახერხა მკვეთრი შენელების თავიდან აცილება, ნაწილობრივ მთავრობის მხარდაჭერისა და შეერთებულ შტატებთან „სავაჭრო ზავის“ წყალობით. თუმცა, სააგენტო წერს, რომ ინვესტორები წლის მეორე ნახევარში უფრო სუსტ მაჩვენებლებს ელიან. ანალიტიკოსების აზრით, სუსტი შიდა მოთხოვნა და გლობალურ ვაჭრობაში მზარდი რისკები გაზრდის ზეწოლას პეკინზე ეკონომიკის სტიმულირების მიზნით, რაც ხელისუფლებას აიძულებს მიიღოს დამატებითი სტიმულირების ზომები.