მავალი „პერსევერანსი“ მარსზე ისე დადის, როგორც არცერთ სხვა მავალს არ უვლია.
19 ივნისს, ექვსთვლიანმა მკვლევარმა ოფიციალურად დაასრულა ყველაზე გრძელი სახმელეთო მოგზაურობა, რაც კი რომელიმე რობოტულ აპარატს გაუვლია სხვა პლანეტაზე.
ერთ გასვლაზე მავალმა მარსის ქვიან ზედაპირზე 411 მეტრი გაიარა.
შეიძლება არც ისე ბევრი ჩანდეს, მაგრამ კოლეგა Curiosity-ის და Opportunity-ისგან განსხვავებით, რომლებიც ლოკოკინასავით ნელა დადიან, პერსევერანსი ნამდვილი სიჩქარის დემონია.
ამის მიზეზი ისაა, რომ პერსევერანსს თვითმავალი პროგრამული უზრუნველყოფა აქვს, რომელსაც შეუძლია დაამუშაოს და გააანალიზოს ფოტოები მაშინაც კი, როცა მისი ბორბლები ბრუნავს.
შედარებისათვის — Curiosity და Opportunity ამისათვის უნდა გაჩერდნენ, ფოტოები გადაიღონ, შემდეგ ინფორმაცია დაამუშაონ და ამის მიხედვით აირჩიონ კარგი გზა.
ერთ დღეში დიდი მანძილის გავლის უნარი მარსის სამეცნიერო კვლევებს ახალ შესაძლებლობებს უხსნის.
პერსევერანსი წითელ პლანეტაზე 2021 წელს დაჯდა და მას შემდეგ, საკმაოდ ბევრი იარა.
მის მოგზაურობებს შორისაა ეპიკური ასვლა კრატერზე და სხვა პლანეტაზე განხორციელებული ყველაზე გრძელი სვლა ადამიანის დახმარების გარეშე — 700 მეტრი.
პერსევერანსის ახალი გრძელი სვლის მიზეზი ქანებია, რომელთა შეგროვებასაც ის ცდილობს.
გასული თვე-ნახევრის განმავლობაში, ეზეროს კრატერის კიდეს გარე კალთების მიღმა მდებარე კროკოდილენის პლატოზე მავალი ეძებდა თიხის შემცველ მინერალებს.
თუ ამ ნიმუშებში აღმოჩნდება მინერალები, სახელად ფილოსილიკატები, ეს შეიძლება იმას ნიშნავდეს, რომ წარსულში იქ ძალიან ბევრი წყალი იყო. ფილოსილიკატები ასევე შეიძლება ინახავდეს მილიარდობით წლის წინანდელი ორგანული მასალების ნარჩენებს.
„თუ იქ პოტენციურ ბიოხელწერას ვიპოვით, დიდი ალბათობით, ის შეიძლება სრულიად სხვანაირი იყოს და მარსის ევოლუციის გაცილებით ადრეული პერიოდის, ვიდრე შარშან ვიპოვეთ კრატერში. კროკოდილების ქანები ეზეროს კრატერის წარმოქმნამდე უფრო ადრე გაჩნდა, მარსის ადრეულ გეოლოგიურ პერიოდში და მიეკუთვნება მარსის უძველეს ქანებს“, — ამბობს პერსევერანსის პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელის მოადგილე კენ ფერლი.
თუმცა, პლატოს ზოგიერთ ნაწილში პერსევერანსმა იპოვა თიხის შემცველი ქვები, რომლებიც შეხებისას ადვილად იმსხვრევა.
მყარი ნიმუშების აღება გადამწყვეტია. გამოდგება მხოლოდ საუკეთესო მტკიცებულება.