ვიზალიბერალიზაციის შეჩერება საქართველოში პირდაპირი ფრენების შემცირებას გამოიწვევს, რასაც თავის მხრივ ქვეყანაში ჩამოსული ტურისტების რაოდენობის კლება მოჰყვება. ასე აფასებს უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერების საკითხს ,,კომერსანტთან“ საუბარში რესტორატორთა ასოციაციის თავმჯდომარე. შოთა ბურჯანაძე განმარტავს, რომ ავიაკომპანიები, რომლებიც იაფ პირდაპირ რეისებს ასრულებენ მგზავრთა ნაკადების შემცირების პირობებში ვეღარ გააგრძელებენ ოპერირებას. რესტორატორთა ასოციაციის თავმჯდომარე ამბობს, რომ ევროპული ქვეყნების ჩანაცვლება შესაძლებელია, თუმცა ეს იმ ხის ტოტის მოჭრა იქნება, რაზეც ქვეყნის ტურიზმი ზის.
,,ვიზალიბერალიზაციის შეჩერება გამომწვევი იქნება პირდაპირი ფრენების შეჩერების. არ იქნება ძალიან დიდი დატვირთვა და შესაბამისად ამას ვერ აიტანს პირდაპირი ფრენები, რომელიც იაფია. ეს შეამცირებს ტურისტების რაოდენობას. დღეს რა მონაპოვარიც გვაქვს, ტურისტები რომლებიც პირდაპირი ფრენებით ჩამოდიან (დასავლეთ ევროპიდან იქნება თუ სხვა ქვეყნებიდან) ეს ხალხი შემცირდება და შესაბამისად, კიდევ დამატებით ახალი ძალისხმევა იქნება საჭირო, რომ ის ქვეყნები დაემატოს რომელთაც აქვთ ინტერესი საქართველოში ჩამოსვლის. ეს ყველაფერი ჩანაცვლებადია. მაგრამ ის ტოტი, რაზედაც ვზივართ არ უნდა მოვჭრათ. შესაბამისად მონაპოვარი, რაც გვაქვს კი არ უნდა ჩავანაცვლოთ უნდა დავამატოთ. ჩვენ პოტენციალი გვაქვს, რომ უფრო მეტი ტურისტი მოვიზიდოთ და მივიღოთ. ორიენტირი ჩანაცვლებაზე კი არ უნდა გვქონდეს, არამედ ჩვენი ორიენტირი უნდა იყოს არსებულის გაუმჯობესება და განვითარება.“- აცხადებს შოთა ბურჯანაძე.
რესტორატორთა ასოციაციის თავმჯდომარე განმარტავს, რომ საქართველოს ტურიზმის სექტორი არ არის იმ მასშტაბის, რომ რომელიმე სეგმენტის ჩახსნას უარყოფითი გავლენა არ მოჰყვეს. შოთა ბურჯანაძე ამბობს, რომ ქვეყანა ევროპელ და განვითარებული ქვეყნებიდან ჩამოსულ ტურისტებზე იყო ორიენტირებული. აზიური ქვეყნები კი დამატებით ბაზრებად განიხილებოდა. ამას თავისი ახსნა აქვს. ქართული კულტურა, ტრადიციები და სამზარეულო ევროპული გემოვნების შესაბამისია.
,,ჩვენს ქვეყანას არ აქვს ისეთი მრავალრიცხოვანი ტურიზმი, როგორიც პირობითად ჰოლანდიასა და იტალიას აქვს, სადაც იმაზე ფიქრობენ როგორ აკონტროლონ ტურისტების რაოდენობა და კვოტები დააწესონ. შესაბამისად, ჩანაცვლება არ იქნება უმტკივნეულო. ამ პროცესს არა ჩანაცვლება არამედ შეიძლება სხვა რაღაც დავარქვათ. ასე ვთქვათ გადასვლა მტკივნეულ ეტაპზე. ეს შეიძლება იყოს არაბული ქვეყნები, შეიძლება იყოს ინდოეთი და ჩინეთი, რომლებსაც რეალურად ჩვენი კულტურისგან განსხვავებული მოთხოვნები გააჩნიათ. შეიძლება ეს ქვეყნები დამატებით არსებობდეს ჩვენთვის და მნიშვნელოვანიც იყოს, მაგრამ ძირითადი მიმართულება რაზედაც გვაქვს და ძირითადი მიმართულება რაც ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი ეს არის განვითარებული ქვეყნებიდან ჩამოსული ტურისტები.“- აცხადებს შოთა ბურჯანაძე.