ხუთშაბათს, 5 ივნისს, ჰარვარდის უნივერსიტეტმა სასამართლოში სარჩელი შეიტანა, რომლითაც პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ უცხოელი სტუდენტებისთვის დაწესებული ქვეყანაში შესვლის აკრძალვის გაუქმებას ითხოვს. ტრამპის ზემოთ აღნიშნული გადაწყვეტილება სარჩელის შეტანის წინა დღეს, 4 ივნისს შევიდა ძალაში.
„ეს არ არის მთავრობის პირველი მცდელობა,რომ უცხოელ სტუდენტებთან ჰარვარდის კავშირები გაწყვიტოს (...) ეს არის შურისძიების მიზანმიმართული კამპანია, რომელმაც კულმინაციას მიაღწია“, - აცხადებს ჰარვარდის უნივერსიტეტი.
უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებთან გაჩაღებული ომის ფონზე, რომლებსაც ამერიკის პრეზიდენტი „ვოუქის“ კულტურის აკვნად მიიჩნევს, დონალდ ტრამპმა ორი დღის წინ აღნიშნა, რომ მას „აუცილებლად“ მიაჩნია „შეზღუდოს“ ჰარვარდში სასწავლებლად „უცხოელების შესვლა“, რათა „ეროვნული უსაფრთხოება“ დაიცვას.
ეს აკრძალვა უშუალოდ ეხება „უცხოელებს, რომლებსაც განზრახული აქვთ შეერთებულ შტატებში ჩამოსვლა, რათა მონაწილეობა მიიღონ ჰარვარდის უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამებში“. როგორც თეთრი სახლის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტშია აღნიშნული, აკრძალვა აქვს მოქმედების ექვსთვიანი ვადა, რომლის გაგრძელებაც შესაძლებელია.
მაისის ბოლოს, ტრამპმა ადმინისტრაციამ უკვე სცადა ჰარვარდისთვის უცხოელი სტუდენტების მიღება აეკრძალა და ამის გაკეთებას SEVIS-ის (Student and Exchange Visitor) სერტიფიკატის გაუქმებით, ანუ, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, აშშ-ს ძირითადი სტუდენტური მიღების ან გაცვლითი პროგრამებდან უცხოელების გარიცხვის გზით შეეცადა.
უნივერსიტეტმა ეს ზომა მასაჩუსეტსის ფედერალურ სასამართლოში გაასაჩივრა და აღსრულების შეჩერებას მიაღწია. ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ ჰარვარდის უნივერსიტეტის მიერ გუშინ შეტანილი სარჩელი აშშ-ს სასამართლო სისტემაში განიხილება.
ჰარვარდის უნივერსიტეტის ვებ-გვერდის მიხედვით, წელს სასწავლებელში დაახლოებით 6 700 უცხოელი სტუდენტი სწავლობს, რაც სტუდენტთა საერთო რაოდენობის დაახლოებით 27%-ს შეადგენს.
წყარო: 1 არხი