გაერო-ს მიერ სამშაბათს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სუდანის საზღვრები, 2023 წელს დაწყებული სამოქალაქო ომის გამო, უკვე ოთხ მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა. გაერო-ს ლტოლვილთა საკითხების კომისარიატის (სააგენტოს) შეფასებით, ეს უზარმაზარი რიცხვი იმაზე მიუთითებს, რომ „მსოფლიოში ყველაზე დამანგრეველი ომის შედეგად გამოწვეულმა კრიზისმა წარმოუდგენელ ნიშნულს მიაღწია“.
გაერო-ს ლტოლვილთა საკითხების კომისარიატის (UNHCR) სპიკერმა ჟენევაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ კონფლიქტის შედეგად სუდანიდან ლტოლვილთა რიცხვმა, ამ ორშაბათს, ოთხ მილიონს გადააჭარბა.
„ახლა, როდესაც კონფლიქტის მესამე წელი მიდის, ეს რიცხვი - ოთხი მილიონი - იმაზე მიუთითებს, რომ მსოფლიოში ყველაზე დამანგრეველი ომის შედეგად გამოწვეულმა კრიზისმა წარმოუდგენელ ნიშნულს მიაღწია“, - აღნიშნა ევგენი ბიონმა.
„ჩვენ ვვარაუდობთ, რომ თუ სუდანში კონფლიქტი გაგრძელდება, ქვეყნიდან გაქცევას კიდევ ათასობით ადამიანი შეეცდება, რაც რეგიონულ და გლობალურ სტაბილურობას სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის“, - დასძინა მან.
„ყველაზე საშინელი ჰუმანიტარული კატასტროფა მსოფლიოში“
ამ ოთხმა მილიონმა ადამიანმა, რომელმაც სუდანის ტერიტორია უკვე დატოვა, ლტოლვილთა მზარდი ნაკადები შექმნა მეზობელ ქვეყნებში - ჩადში, სამხრეთ სუდანში, ეგვიპტეში, ერითრეაში, ეთიოპიაში, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა და ლიბიაში, რომლებიც თავად განიცდიან ეკონომიკურ კრიზისს და შეზღუდული რესურსები გააჩნიათ.
გაერო-ს ლტოლვილთა საკითხების კომისარიატის კიდევ ერთი წარმომადგენლის, დოსუ პატრის აჰუანსუს განმარტებით, ჩადში ჩასული 800 ათასამდე ლტოლვილი, დაფინანსების ნაკლებობის გამო, მძიმე პირობებში ცხოვრობს. რაც შეეხება თავშესაფრის მიღებას, ამ სფეროშიც სერიოზული პრობლემებია: განაცხადების მხოლოდ 14 პროცენტია დაკმაყოფილებული.
„ეს არის უპრეცედენტო კრიზისი, ეს არის კაცობრიობის კრიზისი. ლტოლვილთა შესახებ წარდგენილი ანგარიშებიდან გამომდინარე, ეს ასევე არის უსაფრთხოების კრიზისი“, - ხაზგასმით აღნიშნა აჰუანსუმ.
UNHCR-ის წარმომადგენლების მიერ აღწერილ მრავალ შემთხვევას შორის ცალკე აღნიშვნის ღირსია ჩადში მყოფი შვიდი წლის გოგონას ისტორია, რომელიც სუდანში, იძულებით გადაადგილებულ პირთა ბანაკზე თავდასხმის დროს დაშავდა. მამამისი და ორი ძმა ამ თავდასხმის დროს დაიღუპნენ, გოგონას კი, გაქცევის შემდეგ, ერთი ფეხის ამპუტაცია ჩაუტარდა. რაც შეეხება გოგონას დედას, აჰუანსუს თქმით, ისიც ერთ-ერთი თავდასხმის დროს მოკლეს.
ამ ოთხი მილიონი ადამიანის გარდა, კიდევ ცხრა მილიონი პირი ქვეყნის შიგნით იძულებით არის გადაადგილებული, რათა თავი დააღწიონ ძალადობას. ეს უზარმაზარი ციფრები ნათლად ასახავს იმ ჰუმანიტარულ ტრაგედიას, რომელიც დღეს სუდანში ხდება.
ვითარება 2023 წლის აპრილში, სუდანის არმიასა და სწრაფი რეაგირების ძალებს შორის შეიარაღებული კონფლიქტის დაწყების შემდეგ, კიდევ უფრო გაუარესდა და სუდანი რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე მძიმე ჰუმანიტარულ კრიზისში ჩაიძირა.
ამიტომ, სავსებით ბუნებრივია, რომ აფრიკის საკითხებზე მაროკოში მიმდინარე კონფერენციაზე გამოსვლისას, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივანმა, დევიდ ლამიმ განაცხადა, რომ „სუდანი მსოფლიოში ყველაზე საშინელ ჰუმანიტარულ კატასტროფას განიცდის“.
1tv.ge