დანიამ დატოვა ეგრეთ წოდებული Frugal Four, ეკონომიური ოთხეული, რათა გაატაროს „უფრო მოქნილი“ პოლიტიკა თავდაცვის მიმართულებით. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიკსენმა თქვა, რომ ევროკავშირის გადაიარაღება რუსეთიდან მომავალი საფრთხეების ფონზე უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე „ყველა სხვა პრიორიტეტი”.

„ეს კავშირი შესაფერისი ადგილი აღარ არის ჩვენთვის”, – თქვა ფრედერიკსენმა სამშაბათს, 3 ივნისს, სიტყვით გამოსვლისას ევროპარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლას ერთად.

„ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის ევროპის ხელახალი შეიარაღება. ეს არის საწყისი წერტილი და ეს არის უმნიშვნელოვანესი ყველა დისკუსიაში, რადგან თუ ევროპა ვერ შეძლებს საკუთარი თავის დაცვას, მაშინ თამაში რაღაც მომენტში დასრულდება”, – აღნიშნა მან.

„ასე რომ, ევროპის ხელახალი შეიარაღება ჩემთვის ნომერ პირველია”, – განაცხადა პრემიერმა.

ე.წ. Frugal Four წარმოადგენს არაფორმალურ ჯგუფს, რომელშიც მონაწილეობდნენ ნიდერლანდები, ავსტრია, შვედეთი და დანია. ჯგუფი წარმოადგენდა ფისკალურად კონსერვატიულ კოალიციას, რომელიც მიზნად ისახავდა გაეკონტროლებინა საერთო დანახარჯები. ის განსაკუთრებით აქტიურობდა პანდემიის დროს.

კრიტიკოსები ხშირად ადანაშაულებდნენ ამ ქვეყნებს, რომ იყვნენ უკომპრომისო პანდემიით ყველაზე მეტად დაზარალებული ქვეყნების საჭიროებების მიმართ.

„ჩვენ გვქონდა წამყვანი როლი Frugal Four-ში. ახლა ჩვენ გვექნება წამყვანი როლი სხვა ჯგუფში, რადგან ყველაფერი შეიცვალა და სამყარო სწრაფად იცვლება. ჩვენ უნდა ვიპოვოთ სწორი პასუხი ყველა ამ გამოწვევაზე”, -ამბობს დანიის პრემიერ-მინისტრი.

მისი მტკიცებით, რუსეთის სრულმასშტაბიანმა ომმა უკრაინაში შეცვალა ფინანსური განზომილებები და შედეგად, „ყველა სხვა პრიორიტეტი და ყველა სხვა პრინციპი” უნდა გადაწყდეს მას შემდეგ, რაც ბლოკი მოაგვარებს გადაიარაღების გეგმას.

გასულ თვეში წევრი ქვეყნები შეთანხმდნენ 150 მილიარდი ევროს დაბალპროცენტიანი სესხების პროგრამაზე, რათა მკვეთრად გაზარდონ სამხედრო ხარჯები მთელს ბლოკში. გეგმა, სახელად SAFE, არის უფრო ფართო ინიციატივის, „მზადყოფნა 2030“-ის მთავარი ელემენტი, რომლის მიზანია 800 მილიარდ ევრომდე ფინანსების მობილიზება თავდაცვისათვის.

წყარო: eurpnews georgia