ილონ მასკის მიერ ახალი პოლიტიკური პარტიის შექმნის შესახებ განცხადების შემდეგ ელექტრომობილების მწარმოებელი კომპანია Tesla-ს აქციები მკვეთრად გაუფასურდა. პარალელურად, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის ქონებას ერთ დღეში რამდენიმე მილიარდი გამოაკლდა.

გუშინ Tesla-ს აქციების ფასი 7%-ით, ერთ აქციაზე დაახლოებით 21 დოლარით დაეცა. ეს კი მასკის მიერ „ამერიკის პარტიის“ წარდგენას უკავშირდება, რამაც ინვესტორებში მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანსა და პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის დაპირისპირების ახალი ესკალაციის შიში გააღვივა. შეგახსენებთ, მასკმა გასულ წელს არჩევნებში ტრამპის მხარდასაჭერ კამპანიას 288 მილიონი დოლარი შესწირა.

„ინვესტორები დაიღალნენ მასკის ყურადღების გაფანტვით“, – დაწერა William Blair-ის ანალიტიკოსმა, ჯედ დორშეიმერმა. Wedbush-ის ანალიტიკოსების განცხადებით კი, „Tesla-ს მასკი სჭირდება, როგორც აღმასრულებელი დირექტორი და მისი უდიდესი აქტივი და ის კვლავ პოლიტიკის გზით არ უნდა წავიდეს“.

ახალი პარტიის შექმნის შესახებ განცხადების გამოქვეყნების შემდეგ, გუშინ, Tesla-ს აქციების გაუფასურების პარალელურად, ილონ მასკის ქონებას 12 მილიარდი დოლარი გამოაკლდა. ამერიკული Forbes-ის შეფასებით, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი ამჟამად 393 მილიარდ დოლარს ფლობს. თუმცა, ქონების მკვეთრი შემცირების მიუხედავად, ის მაინც რჩება მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანად.

ცნობისთვის, Forbes-ის რეალურ დროში განახლებად რეიტინგში, მეორე ადგილს Oracle-ის დამფუძნებელი ლარი ელისონი იკავებს, რომელიც 275.9 მილიარდ დოლარად შეფასებულ ქონებას ფლობს. მესამე ადგილზე კი Meta-ს დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, მარკ ცუკერბერგია 247.9 მილიარდი დოლარით.

წყარო: forbes.ge