საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი მიესალმება აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მკაცრ პოზიციას რუსეთის მიმართ, მაგრამ 50-დღიან ულტიმატუმს ძალიან ხანგრძლივს უწოდებს.

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ერთი მხრივ, ძალიან პოზიტიურია ის ფაქტი, რომ პრეზიდენტი ტრამპი მკაცრ პოზიციას იკავებს რუსეთის მიმართ. თუმცა, კალასმა გამოხატა შეშფოთება 50-დღიანი ვადის მიმართ, რომელიც, მისი აზრით, ძალიან ხანგრძლივია.

კალასმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყოველდღიურად უდანაშაულო მშვიდობიანი მოქალაქეები იღუპებიან, რაც აუცილებლობას ქმნის უფრო სწრაფი ქმედებებისთვის.

„ერთი მხრივ, ძალიან პოზიტიურია, რომ პრეზიდენტი ტრამპი რუსეთთან დაკავშირებით მკაცრ პოზიციას იკავებს. მეორე მხრივ, 50 დღე ძალიან დიდი დროა, რადგან ვხედავთ, რომ ისინი ყოველდღიურად კლავენ უდანაშაულო მშვიდობიან მოსახლეობას. ამიტომ, ცხადია, რომ ყველამ მეტი ზეწოლა უნდა მოვახდინოთ რუსეთზე, რათა მათაც მოინდომონ მშვიდობა. კარგია, რომ ამერიკელები ნაბიჯებს დგამენ და იმედი მაქვს, რომ ისინი სამხედრო დახმარებასაც გადასცემენ, ისევე, როგორც ევროპელები“, – განაცხადა კალასმა.

1tv.ge