მკვლევართა საერთაშორისო გუნდმა მიუნხენის (გერმანია) და ბაღდადის (ერაყი) უნივერსიტეტებიდან, ბაბილონისადმი მიძღვნილი უძველესი ჰიმნის რეკონსტრუქციისთვის ხელოვნური ინტელექტი გამოიყენა – ამის შესახებ „ევროპულსი“ წერს.
ტექსტი, რომელიც დაახლოებით 3000 წლისაა, მსოფლიოს მუზეუმებში შენახული ლურსმული ფორმის ფირფიტების ათობით მიმოფანტული ფრაგმენტისგან შედგებოდა. ხელოვნურმა ინტელექტმა ფრაგმენტების სწრაფად შედარებაში ხელი შეუწყო.
ჰიმნი 250 სტრიქონისგან შედგება და აღწერს ანტიკური ხანის ერთ-ერთი უძლიერესი ქალაქის ცხოვრებას. იგი მოგვითხრობს ქალაქის შენობებზე, მესოპოტამიის ბუნებაზე და ქალი ქურუმების როლზეც კი - ასეთი დეტალები აქამდე წერილობით წყაროებში თითქმის არ გვხვდებოდა.
მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ნაპოვნი ფრაგმენტების დიდი რაოდენობა მიუთითებს ჰიმნის პოპულარობაზე უძველეს დროში. ის, სავარაუდოდ, სკოლებში იყო გადაწერილი, მაგრამ დროთა განმავლობაში ტექსტი დაიკარგა.
ბაბილონი, რომლის ნანგრევებიც თანამედროვე ერაყის ტერიტორიაზე მდებარეობს, თავისი დროის უდიდეს ქალაქად ითვლებოდა. ახლა მეცნიერები ჰიმნიდან მოპოვებული ინფორმაციის სხვა წყაროებთან შედარებას ცდილობენ, რათა უძველეს ქალაქში ცხოვრების შესახებ სრული სურათი მიიღონ.