„პარი სენ-ჟერმენმა“ ფრანგული სპორტისთვის ისტორიული ნაბიჯი გადადგა. კლუბმა პრემიის გაცემის პოლიტიკა მნიშვნელოვნად გააფართოვა და ის მხოლოდ ფეხბურთელებსა და სამწვრთნელო შტაბს აღარ შეეხება.

შეიქმნა პროექტი სახელწოდებით „ერთი გუნდი“ და მისი მთავარი მიზანი კლუბის შიდა ერთობის გაძლიერებაა. ამიერიდან დანამატებს მიიღებენ არა მხოლოდ სპორტული სფეროს წარმომადგენლები, არამედ ტექნიკური პერსონალი, მებაღეები, სტადიონის მომვლელები, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლები და სხვა თანამშრომლები, რომლებიც ყოველდღიურად მუშაობენ პსჟ-ის წარმატებისთვის.

კლუბმა გადაწყვეტილება ოფიციალურად დაადასტურა და აღნიშნა, რომ ეს ინიციატივა უპრეცედენტოა ფრანგულ სპორტში.

„პარი სენ-ჟერმენი“ იმედოვნებს, რომ მსგავსი მიდგომა კიდევ უფრო განამტკიცებს ერთიანობას და შექმნის გუნდურობის ძლიერ კულტურას, სადაც ყველა თანამშრომელი საკუთარ თავს კლუბის სრულფასოვან ნაწილად იგრძნობს.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას გუნდმა სეზონი სამი ტიტულით დაასრულა – მოიგო საფრანგეთის ჩემპიონატი, საფრანგეთის თასი და ჩემპიონთა ლიგა.

მიუნხენში გამართულ ჩემპიონთა ლიგის ფინალზე პრეზიდენტმა, ნასერ ალ-ხელაიფიმ კლუბის 600 თანამშრომელი მიიწვია. მათთვის მატჩის ბილეთებისა და ფრენის ღირებულება პრეზიდენტმა პირადად დაფარა. ფინალურ მატჩში „პარი სენ-ჟერმენმა“ „ინტერი“ 5:0 დაამარცხა.

1tv.ge