პოლონეთის უკრაინასთან მოსაზღვრე რეგიონებში დრონების საფრთხის გამო პოლონეთის საჰაერო სივრცეში სამხედრო ავიაცია მუშაობს. ინფორმაციას ამის შესახებ პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიული სარდლობა და პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი ავრცელებენ.
პოლონური მხარის ცნობით, ქვეყნის საჰაერო სივრცეში პოლონეთისა და მოკავშირეთა თვითმფრინავი მოქმედებენ, მზადყოფნის რეჟიმშია მოყვანილი საჰაერო თავდაცვისა და რადიოლოკაციური დაზვერვის სახმელეთო სისტემები.
სარდლობაში აღნიშნავენ, რომ ეს ზომები პრევენციული ხასიათისაა და საჰაერო სივრცისა და მოქალაქეების უსაფრთხოებას ისახავს მიზნად.
„პოლონეთის საზღვართან, უკრაინის თავზე რუსული დრონების საფრთხის გამო პოლონეთმა და მოკავშირეთა საჰაერო ძალებმა ჩვენს საჰაერო სივრცეში პრევენციული ოპერაციები დაიწყეს. ხმელეთზე განლაგებული საჰაერო თავდაცვის სისტემები მაღალ მზადყოფნაშია მოყვანილი“, – წერს დონალდ ტუსკი სოციალურ ქსელში.
პოლონეთის საჰაერო ნავიგაციური მომსახურების სააგენტოში კი განაცხადეს, რომ სამხედრო ავიაციის მუშაობასთან დაკავშირებით დაიხურა ლუბლინის აეროპორტი.
უკრაინული მედიის ცნობით, ქვეყნის აღმოსავლეთ რეგიონებიდან საჰაერო განგაში გამოცხადებული იყო ვოლინის ოლქში.