რუმინეთის ხელისუფლებამ ენერგეტიკის სექტორში საგანგებო მდგომარეობა მას შემდეგ გამოაცხადა, რაც აზერბაიჯანიდან შეტანილი ნავთობი ორგანული ქლორიდებით დაბინძურებული აღმოჩნდა,- ინფორმაციას, ქვეყნის ენერგეტიკის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, დაბინძურებული ნავთობი, რომელიც თურქეთის ჯეიჰანის ტერმინალიდან უნდა ჩატვირთულიყო, რუმინულმა კომპანია OMV Petrom-მა არ მიიღო. საუბარია დაახლოებით 92 000 ტონა ნავთობზე.

ნავთობგადასამუშავებელი ქარხნის შეუფერხებელი ფუნქციონირების გასაგრძელებლად და შიდა ბაზარზე დეფიციტის თავიდან ასაცილებლად, კომპანიამ სახელმწიფო რეზერვებიდან 80 ათასი ტონა ნავთობი და 30 ათასი ტონა დიზელის საწვავი მოითხოვა.

არსებული ვითარების გამო, ენერგეტიკის სამინისტრომ, ნავთობის მომარაგების სერიოზული შეფერხებებით გამოწვეული „ადგილობრივი კრიზისი“ გამოაცხადა.

ნავთობის დაბინძურების მიზეზს ამ ეტაპზე აზერბაიჯანის მხარე სწავლობს. BTC მილსადენის ოპერატორმა ოფიციალურად გამოაცხადა ფორსმაჟორი. რუმინეთმა ენერგეტიკულ კრიზისზე და მის შედეგებზე ევროკომისიას უკვე შეატყობინა.