საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს (GCCA) მიერ შპს „ისურვეს“ მიერ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი - უსამართლო კომერციული საქმიანობის ფაქტი დაუდგინდა.
საქმე ეხება მომხმარებლებისთვის მტვერსასრუტის ძირითადი მახასიათებლის - მუშაობის ხანგრძლივობის შესახებ არაზუსტი ინფორმაციის მიწოდებას. კერძოდ, დადგინდა, რომ მოვაჭრე მომხმარებლებს ინფორმაციას აწვდიდა მოწყობილობის მუშაობის ხანგრძლივობის მხოლოდ მაქსიმალური მაჩვენებლის შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ მისი ფუნქციური რეჟიმების უმეტეს ნაწილში მოწყობილობა ამ ხანგრძლივობით ვერ მუშაობდა. შესწავლის შედეგად ასევე დადასტურდა, რომ მოვაჭრე მომხმარებლებს აწვდის „წესებსა და პირობებში“ ასახული ინფორმაციის საპირისპირო ინფორმაციას. კერძოდ, უარყოფს მომხმარებლისთვის კანონით მინიჭებულ და პოლიტიკაში ასახულ უფლებებსა და გარანტიებს. შესაბამისად, სააგენტოს გადაწყვეტილებით, კანონდარღვევის აღმოფხვრის მიზნით, მოვაჭრეს დაევალა - 1 თვის ვადაში, მომხმარებელთა დარღვეული უფლებები აღადგინოს და თავისი სავაჭრო პოლიტიკა კანონის შესაბამის მუხლებს შეუსაბამოს.
კანონმდებლობის შესაბამისად, ზემოაღნიშნული კომერციული საქმიანობა წარმოადგენს კანონით აკრძალულ ქმედებას. მოვაჭრის შესაბამისი ქცევა შესაძლოა იწვევდეს ან სამომავლოდ გამოიწვიოს მომხმარებლის შეცდომაში შეყვანა, მოტყუება. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქონლის, მომსახურების შეძენამდე, ინფორმირებული არჩევანის ფარგლებში, მომხმარებლის უფლებაა - შესყიდვის შესახებ მიიღოს სრული, უტყუარი და ამომწურავი ინფორმაცია - სახელმწიფო ენაზე მკაფიოდ და გასაგებად. აღნიშნული უფლების დარღვევა ეწინააღმდეგება სამართლიანი და გამჭვირვალე სავაჭრო პრაქტიკის პრინციპებს.
კანონმდებლობის შესაბამისად, სააგენტოს გადაწყვეტილების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მოვაჭრეს ჯარიმა ეკისრება, რომლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს მოვაჭრის წინა ფინანსური წლის, წლიური ბრუნვის 2%-ს. 12 თვის განმავლობაში, მოვაჭრის მიერ დარღვევის გამეორება გამოიწვევს დაკისრებული ჯარიმის გაორმაგებას. სააგენტოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში. ჯარიმის დაკისრება მოვაჭრეს სააგენტოს გადაწყვეტილების შესრულების ვალდებულებისგან არ ათავისუფლებს.