სანკტ-პეტერბურგის ეკონომიკური ფორუმი იმ პერიოდს დაემთხვა, როდესაც რუსეთის ეკონომიკას გამოფიტვის ნიშნები დაეტყო. ომის რელსებზე გადასვლით სტიმულირებული ზრდის შემდეგ, ეკონომიკის შენელება აშკარაა.
სანკტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმი ოთხშაბათს, 18 ივნისს იხსნება. ოთხი დღის განმავლობაში რუსეთი შეეცდება ყველას აჩვენოს, რომ მსოფლიო ეკონომიკურ სცენაზე არც ისე იზოლირებულია და სანქციების მიუხედავად, მისი ეკონომიკა მაინც მუშაობს. ეს, ალბათ, ხაზგასმული იქნება ვლადიმერ პუტინის ტრადიციულ გამოსვლაშიც, რომელიც ფორუმზე პარასკევს არის დაგეგმილი. თუმცა, ნათელია, რომ რუსეთის ეკონომიკა კარგ დღეში უკვე აღარ არის.
2024 წელს 4 პროცენტზე მეტით ზრდის შემდეგ, ეკონომიკის ტემპი მკვეთრად შენელდა და სხვა მაჩვენებლებიც წითელ ზონაშია. 2025 წლის პირველ კვარტალში რუსეთის მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 0,5%-ით შემცირდა, 2024 წლის ბოლოსთან შედარებით. რეცესიაზე საუბარი ჯერ ნაადრევია, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ბოლო დროს რუსეთის მთავრობის რიტორიკა შეიცვალა. ამის მაგალითად შეიძლება ჩაითვალოს რუსეთის ეკონომიკის მინისტრის გამაფრთხილებელი გამოსვლა, გადახურების პერიოდის შემდეგ ეკონომიკის გაგრილების დაწყების თაობაზე.
დევნილობაში მყოფი რუსი ეკონომისტი, ვლადისლავ ინოზემცევი განმარტავს, რომ რუსეთის ეკონომიკის ხელოვნურმა ზრდამ, რაც თავდაცვის სექტორის სუბსიდირებით იყო წახალისებული, თავის ზღვარს მიაღწია. „ბოლო სამი წლის განმავლობაში, ზრდის 30-50 პროცენტი სამხედრო ინდუსტრიის მიერ იყო გენერირებული. იმისათვის, რომ ზრდა შენარჩუნდეს, საჭირო იქნება სამხედრო ხარჯების კიდევ უფრო მკვეთრი ზრდა, რაც, როგორც ჩანს, შეუძლებელია. 2025 წელს სამხედრო ბიუჯეტი ნავთობისა და გაზის მთლიან შემოსავალს გადააჭარბებს“, - დასძინა ინოზემცევმა.
რუსეთის ეკონომიკა ზეწოლას განიხდის ცენტრალური ბანკის პოლიტიკის გამო, რაც ძალიან მაღალი საპროცენტო განაკვეთის (დაახლოებით 20%-ის ფარგლებში) დაწესებაში გამოიხატება. თავის მოხრივ, ასეთი პოლიტიკის მიზანი ინფლაციის შეკავებაა. ასეთ პირობებში, არასამხედრო სექტორები ინვესტიციების და მუშახელის ნაკლებობას განიცდიან. მიუხედავად ამისა, უკრაინაში გაჩაღებული ომის დაფინანსება კრემლს ასეთ მდგომარეობაშიც შეუძლია.
წყარო: "საზოგადოებრივი მაუწყებელი"