რუსეთმა ბელარუსთან ერთობლივი წვრთნების დროს ჰიპერბგერითი ფრთოსანი რაკეტა „ცირკონი“ გაუშვა. შესაბამის ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, რაკეტის გაშვება სამხედრო წვრთნების „ზაპად 2025-ის“ ფარგლებში ბარენცის ზღვაში პირობითი მოწინააღმდეგის სამიზნის მიმართულებით განხორციელდა. სამიზნე პირდაპირი დარტყმის შედეგად განადგურდა. რაკეტა ფრეგატის „ადმირალ გოლოვკოს“ ეკიპაჟმა გაუშვა.
რუსეთის თავდაცვის უწყებაში ამბობენ, რომ სამხედრო წვრთნების ფარგლებში მუშავდება ჩრდილოეთ ფლოტის სანაპირო ობიექტების დაცვის ელემენტები, ასევე მაღალი სიზუსტის იარაღის, შეიარაღებისა და სამხედრო ტექნიკის თანამედროვე მოდელების კომპლექსური გამოყენება.
„ზაპად 2025“ რუსეთ-ბელარუსის ერთობლივი სტრატეგიული წვრთნებია. სამხედრო სწავლება ბელარუსის ტერიტორიაზე 12-16 სექტემბერს მიმდინარეობს.