5 ივლისს, თურქეთის ხელისუფლებამ მთავარი ოპოზიციური პარტიიდან სამი მერი დააკავა. ინფორმაცია ამის შესახებ თურქეთის პროკურატურამ და ადგილობრივმა მედიამ გაავრცელა.
თურქეთის სახალხო რესპუბლიკური პარტიის (CHP) წარმომადგენლების მიხედვით, დაკავებულნი არიან ადანას, ადიამანის და ანტალიის მერები.
სტამბოლის მთავარი პროკურატურის განცხადებით, თურქეთის სამი დიდი ქალაქის მერი ფულის გამოძალვის ბრალდებით დააკავეს. ასევე დაკავებულია კიდევ რვა ადამიანი.
Deutsche Welle წერს, რომ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, თურქეთის ხელისუფლებამ ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მასშტაბური დევნა დაიწყო, რომლის ფარგლებში ასობით CHP-ს წევრი დააკავეს, მათ შორის 11 მერი.
ამ კვირის დასაწყისში, CHP-ის ყოფილი მერი იზმირიდან, ტუნჩ სოიერი და 137 მუნიციპალური თანამდებობის პირი ტენდერების შესაძლო მანიპულირებისა და თაღლითობის ბრალდებით დააკავეს.
პარასკევს, სოიერი და კიდევ 59 სასამართლო პროცესის დაწყებამდე პირი წინასწარ პატიმრობაში დატოვეს - რასაც სოიერის ადვოკატი "ცალსახად უსამართლო, უკანონო და პოლიტიკურად მოტივირებულ გადაწყვეტილებად" აფასებს.
სახელმწიფო მედიამ პარასკევს გაავრცელა ინფორმაცია, რომ სამართალდამცავებმა მანავგატის მერი და კიდევ 34 პირი კორუფციის ბრალდებით დააკავეს.
CHP ფართოდ უარყოფს მის წარმომადგენელთა მიმართ წაყენებულ ბრალდებებს, რომლებიც ასევე ორგანიზებულ დანაშაულს, ქრთამის აღებას და ტენდერების გაყალბებას მოიცავს. პარტიის თქმით, ეს გამოძიებები პოლიტიკურად მოტივირებულია და მათი მიზანი ერდოღანის წინააღმდეგ მიმართულ მუქარად აღქმული პარტიის განეიტრალებაა.
აღნიშნული დაკავებებიდან ყველაზე გახმაურებული სტამბოლის მერის, ეკრემ იმამოღლუს, დაკავება იყო, რომელიც პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მთავარ ოპონენტად ითვლება.
იმამოღლუ მარტში დააპატიმრეს, რასაც თურქეთში მასშტაბური საპროტესტო აქციები მოჰყვა.