გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის აღმასრულებელი დირექტორი, სალომე ზურაბიშვილი ხაზს უსვამს, რომ მნიშვნელოვანია საქართველოში კომპანიებს ჰქონდეთ მზაობა, ჩაერთონ საერთაშორისო მწვანე და მდგრადი დაფინანსების მოპოვებაში. 

„მაგალითად, შვედეთის სახელმწიფო შემოდიოდა ქალი მეწარმეებისთვის გარანტორად და რისკის დამზღვევად, იმ შემთხვევისთვის, როცა ქალი იწყებდა ბიზნესს და მას არ ჰქონდა კერძო ქონება. იმისთვის, რომ ასეთი შესაძლებლობები გაჩნდეს, მნიშვნელოვანია თავად კომპანიებში არსებობდეს მდგრადი პრაქტიკა, მათ უნდა იცოდნენ როგორ გამოიყენონ სწორად ეს სესხი, როგორ მოარგონ მწვანე და მდგრად განვითარებას თავიანთი საქმიანობა. ის სტანდარტები, რომელზეც ვსაუბრობთ, განსაზღვრულია ჩვენი ევროიტეგრაციის პროცესით. ჩვენ გვაქვს ვალდებულება, რომ კანონმდებლობა, პრაქტიკა და ბიზნეს სექტორი მოვიდეს იმ სტანდარტებთან შესაბამისობაში, რასაც მოითხოვენ ევროკავშირის წევრი ქვეყნები. ევროინტეგრაცია არის შესაძლებლობა ბიზნესისთვის ჩვენს ქვეყანაში, რომ გავიდნენ ევროკავშირის დიდ ბაზარზე და მიიღონ სარგებელი” –ამბობს სალომე ზურაბიშვილი. 

ცნობისთვის, 27 ივნისს, ბათუმში, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელისა და შვედეთის საელჩოს ორგანიზებით სასტუმრო „რუმსში“ გაიმართა ფორუმი, რომელიც შეეხებოდა განახლებადი მომავლის დაფინანსების საკითხებს საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში. შეხვედრის მონაწილეები იყვნენ ფინანსურ ინსტიტუტები, კერძო სექტორის ლიდერები და გარემოსდაცვითი ექსპერტები. მათ ერთად განიხილეს ინოვაციური დაფინანსების მოდელები, საჯარო/კერძო სექტორის თანამშრომლობა და მწვანე ეკონომიკის გაძლიერება ქვეყანაში.