22 ივნისს, უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენკისმა სანქციები დაუწესა რამდენიმე კომპანიას და ბიზნესმენს, რომელთა შორის არიან ესტონელები: ჰილარ ტედერი, რაუნო ტედერი და ლაური რეინბერგი. მათი კომპანიის საქმიანობის სფერო უძრავი ქონებით ვაჭრობაა. კომპანიის წარმომადგენელი აცხადებს, რომ „არიკანო გრუპ“-ს უკრაინის კანონები არ დაურღვევიათ და ამდენად, ოფიციალური კიევის ეს ნაბიჯი ესტონელი ინვესტორების აქტივების ხელში ჩაგდების მცდელობას წარმოადგენს.

როგორც გამოცემა „კიევ ინდეპენდიენტი“ იტყობინება, პრეზიდენტ ზელენსკის მიერ გამოქვეყნებულ სიაში მითითებული არ არის ბიზნესმენებისა და კომპანიების საქმიანობის სფერო, რის საფუძველზეც მათ სანქციები დაუწესდათ.

13 სუბიექტს შორის, რომლებსაც სანქციები შეეხოთ, შედის „არიკანო გრუპი“- უძრავი ქონების კომპანია, რომელიც კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებში რამდენიმე სავაჭრო ცენტრს ფლობს. სანქცირებულთა შორის ასევე აღმოჩნდნენ: „არიკანოს“ ყოფილი მთავარი აქციონერი, ესტონელი ბიზნესმენი ჰილარ ტედერი და მისი ვაჟი, რაუნო ტედერი, რომელიც უძრავი ქონების სექტორში აქტიურად საქმიანობს.

სანქციების სიაში მოხვდა „ადმირალს გრუპის“ მმართველთა საბჭოს წევრი, ლაური რეინბერგიც.

ზელენსკის თქმით, ეს სანქციები უფრო ფართო პაკეტის პირველი ნაბიჯია და შემდგომში დამატებითი ზომების მიღებაა მოსალოდნელი. მისივე განცხადებით, უკრაინის მთავრობა მუშაობს იმისთვის, რომ ქვეყნის მიერ დაწესებული სანქციები მისი საერთაშორისო პარტნიორების ქმედებებს შეესაბამებოდეს.

„არიკანოს“ აღმასრულებელი დირექტორი: კომპანიას უკრაინის კანონები არ დაურღვევია

შპს „Arricano Real Estate Ltd“-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, მარგუს კურმმა, რომელიც ამჟამად სანქციების ქვეშ იმყოფება, ორშაბათს მედიასთან განაცხადა, რომ კომპანიისთვის სანქციების დაწესების მიზეზები მისთვის უცნობია.

კურმის თქმით, ბრალდებები იმის შესახებ, რომ კომპანია ყირიმში საქმიანობას აგრძელებს, არის სიცრუე და ფირმის დისკრედიტაციის მიზნით, ადრეც გამოიყენებოდა.

„2023 წლის გაზაფხულზე, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა დაიწყო გამოძიება უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის იმ მუხლით, რომელიც აგრესორი სახელმწიფოს მხარდაჭერას ეხება. შემოდგომაზე „არიკანო გრუპის“ საკუთრებაში არსებული ოთხი სავაჭრო ცენტრი დაყადაღდა, ხოლო 2024 წლის ზაფხულში ორი მათგანი გადაეცა სააგენტო ARMA-ს, რომელიც კრიმინალური აქტივების მოძიებასა და მართვაზეა პასუხისმგებელი. არსებითად, ეს ნიშნავდა, რომ „არიკანოს“ აქტივები რაიმე ბრალდების წარდგენამდე ჩამოართვეს, გამამტყუნებელი განაჩენის არაარსებობაზე რომ აღარაფერი ვთქვათ“, - განაცხადა კურმმა.

მან აღნიშნა, რომ, საბოლოოდ, პროცესი შეჩერდა და გასული წლის შემოდგომაზე კომპანიის აქტივებს ყადაღა მოეხსნა.

„სასამართლომ დაადგინა, რომ ორი წლის განმავლობაში უსაფრთხოების სამსახურმა ვერ წარმოადგინა რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაასაბუთებდა ეჭვებს, რამაც გამოძიების საფუძველი შექმნა. სამი კვირის წინ სისხლის სამართლის წარმოება ოფიციალურად შეწყდა. აღსანიშნავია, რომ სამწლიანი გამოძიების განმავლობაში „არიკანოს“ არც ერთი თანამშრომელი ეჭვმიტანილად არ დასახელებულა და არც რაიმე ახსნა გაკეთებულა იმის შესახებ, თუ ვინ და როგორ უჭერდა მხარს აგრესორს“, - ამბობს კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი.

კურმის აზრით, სამართლებრივი დევნის მიზანი დანაშაულის გამოძიება და დადგენა არასოდეს ყოფილა, ის ესტონელი ინვესტორების კუთვნილი აქტივების უკანონოდ ხელში ჩაგდების მცდელობას წარმოადგენდა და კვირას დაწესებული სანქციები ამავე პროცესის გაგრძელებაა.

„მიუხედავად მის წინააღმდეგ განხორციელებული ყველა ამ ქმედებისა, „არიკანო“ აგრძელებს უკრაინაში ოპერირებას და ინარჩუნებს გამჭვირვალეობას. შექმნილი ვითარების შესახებ ჩვენ ესტონეთის პრეზიდენტს, მთავრობას და კიევში არსებულ ესტონეთის საელჩოს ვაცნობეთ, მედიის ყველა კითხვას ვუპასუხეთ. ჩვენ დასამალი ან შესარცხვენი არაფერი გვაქვს“, - დასძენს „არიკანოს“ აღმასრულებელი დირექტორი.

წყარო: "საზოგადოებრივი მაუწყებელი"