საქართველო ტურიზმის ქვეყანაა და კოტეჯების ტიპის სასტუმრო, სულ უფრო მოთხოვნადი ხდება. როგორც "ბიზნესპარტნიორთან" კოტეჯები ზღაპარი ცხვარიჭამიაში დამფუძნებელი, ლია ბოდაველი აღნიშნავს, მომხმარებელთა მოთხოვნიდან გამომდინარე, კოტეჯების მიმდებარე ტერიტორიაზე, უკვე აუზიც განთავსებულია, ამ ფაქტორმა კი, სტუმრების დაინტერესება გაცილებით გაზარდა.  მისივე თქმით, ამჟამად, კოტეჯები 60-იანი დატვირთულობით მუშაობს.

ლია ბოდაველის თქმით, 4 კოტეჯის გამართული ფუნქციონირება იანვრიდან დაიწყო და ობიექტმა  საწყის ეტაპზე, 30%-იანი დატვირთულობით იმუშავა. ბოდაველი მომხმარებელთა გაორმაგებას სწორ მარკეტინგულ კამპანიებსა და კმაყოფილ მომხმარებლებს უკავშირებს.

"ცხვარიჭამიაში, სულ 4 კოტეჯი გვაქვს. 2 პირადად ჩემია, 2 კი პარტნიორის გახლავთ. ამჟამად, 60%-იანი დატვირთულობით ვმუშაობ. ახალი გახსნილი ვარ, ეზოში მოსაპირკეთებელი სამუშაოები მიმდინარეობდა და ამიტომ ვიზიტორების მისაღებად მზად არ ვიყავი. ფუნქციონირება იანვრიდან დავიწყე, მომხმარებელთა რაოდენობამ და დაინტერესებამ მოიმატა, თავიდან 30%-ით დავიწყეთ და ახლა უკვე 60%-იანი დატვირთულობით ვმუშაობ. ზრდას მარკეტინგულ კამპანიებს ვუკავშირებ, დღეს ყველაფერი კარგ რეკლამაზე გადის, შემდეგ, რა თქმა უნდა, კმაყოფილი მომხმარებელია. სტუმრები ჩენს მიერ შეთავაზებული სერვისით კმაყოფილი არიან, კერძოდ, ადგილზე მოლოდინზე მეტი ხვდებათ... შესაბამისად, ხარისხი გაყიდვების ზრდაზე აისახება. წინასწარი ჯავშნები უკვე გვაქვს, ივლისი, აგვისტოს თვეებს ვგულისხმობ. 

2 დიდი კოტეჯი 20 მომხმარებელზეა გათვლილი, პატარა კოტეჯები 8 სტუმარს იტევს. შესაბამისად, ჯამში 28 დამსვენებლის მიღება შეგვიძლია. ეზოში ფანჩატური გვაქვს, სადაც სტუმრები სასიამოვნო დროს ატარებენ. აუზიც გავაკეთეთ და მომხმარებლების დაინტერესება განსაკუთრებით გაიზარდა. სტუმრები გვთხოვდნენ აუზს და მოთხოვნიდან გამომდინარე, ადგილობრივ ბაზარზე შესაბამისი სერვისით შემოვედი", - აღნიშნავს კოტეჯების დამფუძნებელი.

მისივე ინფორმაციით, ამჟამად, მომხმარებელი 100%-ით ადგილობრივი მოსახლეობაა,  სამომავლოდ კი  მარტივად შესაძლებელია - ადგილობრივი მოსახლეობას უცხოელმა მომხმარებლებმა გადაუსწროს.

"ჩემი ძირითადი მომხმარებელი ამ ეტაპზე, 100%-ით ადგილობრივი მოსახლეობაა. სამომავლოდ, Booking.com-ზეც იქნება განცხადება და ვფიქრობ, უცხოელებს დავაინტერესებთ. მოგეხსენებათ, სრული სერვისი არ გვქონდა მომხმარებლებისთვის და ამ დრომდე, აქტიურობისგან თავს ვიკავებდი, ახლა კი მზად ვარ. დაინტერესება უცხოელი მომხმარებლების მხრიდან დარწმუნებული ვარ, იქნება - ახლოს ტყე, მდინარე, ზოოლოგიური ცენტრი გვაქვს, ეს ყველაფერი კი, უცხოელებს ძალიან მოსწონს. სამომავლოდ, ალბათ, ადგილობრივი მოსახლეობას  უცხოელი ვიზიტორები გადააჭარბებს. ტურიზმის ქვეყანა ვართ, შესაბამისად, დატვირთულ, აქტიურ სეზონს ველოდები. ფასებს, რაც შეეხება ჩვენთან დასვენება, მაგალითად, პატარა კოტეჯი მინიმუმ 2 პერსონაზე 130 ლარი ღირს, მაქსიმუმ კი, პერსონების რაოდენობის მიხედვით შეგვიძლია ვიანგარიშოთ, მაგალითად, 10 პერსონაზე 400 ლარი ჯდება", - აღნიშნავს ლია ბოდაველი.

ცნობისთვის,კოტეჯები ზღაპარი ცხვარიჭამიაში 4 კოტეჯს მოიცავს და სულ, 28 დამსვენებელს იტევს. პროექტის საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით, 460 000 ლარია.

ბიზნესპარტნიორი