ეკონომისტი გიორგი ხიშტოვანი BAG Index-ის მეორე კვარტალის შედეგების შესახებ განმარტებას აკეთებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ როგორც ჩანს, საქართველოში ბიზნეს კლიმატის ტრენდი 2023 წლის II კვარტალის პიკის შემდეგ უარესდება.
მისი თქმით, საერთო ჯამში, ქვეყანაში ბიზნეს კლიმატის გაუარესების ნელი პროცესი გრძელდება.
„სასიხარულოა, რომ საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ გამოაქვეყნა BAG Index-ის 2025 წლის მეორე კვარტალის გამოცემა; განსაკუთრებით, იმის გათვალისწინებით, რომ ბიზნეს კლიმატი, წინა კვარტალთან შედარებით, გაუარესებულია.
აღსანიშნავია, რომ ბიზნეს კლიმატი გაუარესდა ოთხიდან სამ სექტორში (მშენებლობა, მრეწველობა, მომსახურება) და მხოლოდ ვაჭრობაში ფიქსირდება ბიზნეს კლიმატის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება.
მიმდინარე მდგომარეობა
ბიზნეს-კლიმატი მიმდინარე მდგომარეობის და მოლოდინების საფუძველზე დგება.
აღსანიშნავია, რომ ბიზნესის მიმდინარე მდგომარეობა გაუმჯობესებულია ინდექსში და ეს გაუმჯობესება, დიდწილად ვაჭრობის სექტორის გაუმჯობესებული შეფასების შედეგია (მაგ. ბიზნესის მიმდინარე მდგომარეობა გაუარესებული მრეწველობის და მშენებლობის სექტორში; მცირედით გაუმჯობესებულია მომსახურების სექტორში).
ბიზნესის მოლოდინები
რაც შეეხება ბიზნესის მოლოდინებს, ის წინა კვარტალთან შედარებით გაუარესებულია.
სექტორული ჩაშლის მხრივ, მოლოდინები გაუარესებულია ყველა სექტორში (ვაჭრობა, მრეწველობა და მომსახურება) გარდა მშენებლობისა.
ბოლო კვარტალების სექტორული ტრენდი
თუ ბოლო კვარტალების ტრენდს შევხედავთ:
• მშენებლობის სექტორში, 2023 წლის მეორე კვარტალის შემდეგ, სტაბილური დაღმასვლის ტრენდს ვხედავთ;
• მრეწველობაში, აღმავალი ტრენდის შემდეგ, ბოლო ორი კვარტალია, დაჩქარებული დაღმასვლის ტრენდი ფიქსირდება;
• მომსახურების სექტორი 2022 წლის შუა პერიოდიდან სტაბილურად ერთ დონეზეა, ძალიან ნელი კლების ტრენდით;
• ვაჭრობამ, ბოლო ერთი წლის დაღმასვლის ტრენდი „გადააგორა“ (როგორც ჩანს, საკუთარი შეფასებით, ძალიან კარგი კვარტალი ჰქონდა) და ახლა, საინტერესოა, რამდენად გაგრძელდება ეს დინამიკა (ჩემი ვარაუდია, რომ ეს დიდწილად, ბოლო პერიოდის, ძალიან აგრესიული სარეკლამო კამპანიების, აქციებისა და სხვა ტიპის შეთავაზებების შედეგია და ამ ტემპის შენარჩუნება ძალიან გაუჭირდება ამ სექტორს).
ბიზნეს კლიმატის ზოგადი ტენდენცია
რაც შეეხება მთლიანად ბიზნეს კლიმატის ტრენდს, ის 2023 წლის მეორე კვარტალის პიკის შემდეგ, შეუქცევლად უარესდება.
2025 წლის მეორე კვარტალის შედეგების ინტერპრეტაცია
თუ ვეცდებით ამ კვარტალის შედეგების ახსნას:
• როგორც ჩანს, 2025 წლის პირველ კვარტალთან შედარებით, ძალიან კარგი შედეგი ჰქონდა ვაჭრობის სექტორს, განსაკუთრებით, გაყიდვების ნაწილში; ასევე, აღსანიშნავია, რომ ამ სექტორის მხოლოდ 7 პროცენტი აფიქსირებს მოთხოვნის სიმცირეს როგორც არსებულ გამოწვევას; საინტერესოა, რომ ფასებზე კითხვისას, ვაჭრობის სექტორში, მხოლოდ 13%-მა აღნიშნა, რომ ამ კვარტალში ფასები გაზარდა და ამავე დროს, 9%-მა ფასების შემცირება დააფიქსირა).
• ასევე, ვფიქრობ, რომ ეროვნული ვალუტის სტაბილურობამ ხელი შეუწყო ბიზნესის მიმდინარე მდგომარეობის გაუმჯობესებას; წინა კვარტალში, ბიზნესების 56% ასახელებდა მას როგორც ხელის შემშლელ ფაქტორს; ამ კვარტალში, მხოლოდ 27%.
• პარალელურად, აღსანიშნავია, რომ მოთხოვნის სიმცირის პრობლემა გრძელდება და დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობა კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს ბიზნესებისთვის; ასე მაგალითად:
o მრეწველობის სექტორის 50% და მომსახურების სექტორის 28% აფიქსირებს მოთხოვნის სიმცირეს როგორც ხელისშემშლელ ფაქტორს;
o პარალელურად, ბიზნესების 30% ამბობს, რომ ფინანსებზე წვდომა მისთვის პრობლემას წარმოადგენს.
დასაქმების ბაზრის პერსპექტივები
დასაქმების მხრივ, განსაკუთრებით ვაჭრობის სექტორი და მშენებლობის სექტორი აპირებენ დასაქმების პროცესის გააქტიურებას მომავალ კვარტალში; ვაჭრობის შემთხვევაში, სავარაუდოდ, ეს კარგი კვარტალური შედეგების გაგრძელების იმედს ეფუძნება; ხოლო, მშენებლობის შემთხვევაში, შედარებით ცუდი კვარტალის შემდეგ, კარგი პერიოდის დაწყების მოლოდინს.
შეჯამება:
რომ შევაჯამო, ქვეყანაში ბიზნესკლიმატის გაუარესების ნელი პროცესი გრძელდება.
სექტორებს შორის, ყველა სექტორში, სტაგნაცია შეინიშნება, გარდა ვაჭრობისა, რომელსაც კარგი „მომენტუმი“ ჰქონდა 2025 წლის მეორე კვარტალში და ახლა, სანახავია, რამდენად გაგრძელდება ის.
პროგნოზი და მომავლის სცენარები:
ასევე, აღსანიშნავია, რომ წინა კვარტალთან შედარებით შემცირდა გეპი მიმდინარე მდგომარეობასა და მოლოდინებს შორის (მიბმულ გრაფიკზე კარგად ჩანს, რომ კრიზისული სიტუაციების შემდეგ, როგორც წესი, ეს გეპი იზრდება; ანუ, როდესაც მიმდინარე მდგომარეობა ცუდია (მაგ. რუსეთ-უკრაინის ომის დაწყება ან ბოლო პოლიტიკური კრიზისი), ჯერ საგრძნობლად იზრდება დადებითი მოლოდინები; ხოლო, შემდეგ, ნელ-ნელა ეს გეპი მცირდება ხოლმე. ახლაც, იგივე ტრენდს ვხედავთ, როდესაც, წინა კვარტალებში გეპის გაზრდის შემდეგ, ნელ-ნელა მიმდინარე მდგომარეობის და მოლოდინების შეფასება ერთმანეთს უახლოვდება", - წერს ხიშტოვანი.
გარდა ამისა, მისი შეფასებით, BAG-ის ინდექსის არსებული სიტუაცია აჩვენებს, რომ ბიზნეს-კლიმატი 2025 წელს ახალ წონასწორობაში შედის, რომელიც უფრო უარესია, ვიდრე 2022-2024 წლების აღმასვლის ფაზა და ახლა, საკითხავია, რა მდგომარეობაში დასტაბილურდება ის. ხიშტოვანი სავარაუდო ორ სცენარზეც წერს:
"ამ მხრივ, ორი სცენარი წარმომიდგენია:
- ოპტიმისტური სცენარია, რომ არსებულ მდგომარეობაზე დასტაბილურდება (ანუ, შეფასების ქულების მხრივ, 30-35 ქულის დონეზე შენარჩუნდება). ამისთვის საჭიროა, რომ ვაჭრობის სექტორის და მშენებლობის სექტორის მოლოდინები გამართლდეს და აღმასვლა გაგრძელდეს/დაიწყოს; მრეწველობა, გამოვიდეს ცუდი მდგომარეობიდან და მომსახურების სექტორმა დაღმასვლის ტრენდი შეცვალოს თუნდაც ნელი აღმასვლით.
- პესიმისტური სცენარია, რომ ვაჭრობის ამ კვარტალის მდგომარეობა აღმოჩნდეს დროებითი მოვლენა, მშენებლობის სექტორის იმედები, რომ მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდება არ გამართლდეს, ხოლო მრეწველობასა და მომსახურებაში გაგრძელდეს სტაგნაციის ტრენდი. ამ შემთხვევაში, ვფიქრობ, შემდეგ კვარტალში ბიზნესკლიმატის გაუარესებას და შესაბამისი ქულის 20-30 შუალედში ჩამოსვლას უნდა ველოდოთ.
ჩემი აზრით, უფრო მეორე პესიმისტური სცენარი არის სავარაუდო“, - აღნიშნავს გიორგი ხიშტოვანი.