"სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ ჭარბ ყურძენს ბაზარზე სუბსიდირება აჩენს", - ასე აფასებს ღვინის ეროვნული სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი სახელმწიფოს მიერ წლების განმავლობაში ჭარბი ყურძნის შესყიდვის პრაქტიკას "საქმის კურსში" სტუმრობისას.

უკვე ცნობილია, რომ გასულ წლების მსგავსად წელსაც ბაზარზე ჭარბ ყურძენს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული "მოსავლის მართვის კომპანია" ჩაიბარებს. ღვინის ეროვნული სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი სამანიშვილის თქმით, იქამდე სანამ რთველის სუბსიდირება მოხდება ბაზარზე ჭარბი ყურძენი ყოველთვის იქნება. მისი თქმით, ამ პროცესში არც ფერმერს აქვს მოტივაცია ხარისხიანი ყურძენი მოიყვანოს, რადგან გარანტირებულად იცის, რომ სახელმწიფო მის ყურძენს მაინც შეიძენს.

“სიტყვა ჭარბი ყურძენი ცოტა ღიმილის მომგვრელია, იმიტომ რომ ჭარბი ყურძენი, როცა დაიხურა რუსეთის ბაზარი, მაშინ იყო, რომელიც ვერ მუშავდებოდა, შემდეგ სუბსიდიის პრინციპი გამოიგონეს, მაგრამ გაიხსნა რუსეთის ბაზარი, დღეს ამ ბაზარზე ექსპორტი გაზრდილია, გასამმაგებულია ფაქტობრივად, წინა წლებს რომ შევადაროთ. ანუ ექსპორტი იზრდება, თუმცა იზრდება ჭარბი ყურძნის რაოდენობაც. მე შემიძლია სრული პასუხისმგებლობით ვთქვა, რომ ჭარბ ყურძენს ბაზარზე აჩენს სუბსიდირება. რაც უფრო მაღალი იქნება სუბსიდირება, მით მეტი ჭარბი ყურძენი გვექნება ბაზარზე, რაც ნაკლები, მით მეტად იპოვის ეს ყურძენი თავის დანიშნულებას.

სანამ მევენახეს აქვს არჩევანი, ყურძენი ჩააბაროს მეღვინეს, რომელიც ხარისხს ითხოვს და რაღაცებს ამოწმებს, თუ ჩააბაროს სახელმწიფოს, რომელიც იგივე ფასს იხდის, მაგრამ არაფერს არ უყურებს, მაშინ ყოველთვის ურჩევნია ჩააბაროს სახელმწიფოს.

დღეს, სამწუხაროდ, ტექნოლოგიები ისეა განვითარებული, ყველა მევენახეს სამჯერ მეტი მოსავლის მოყვანა შეუძლია, ვიდრე ხარისხიან ყურძენს სჭირდება. სამჯერ მეტი ნიშნავს, რომ ბაზარზე სამჯერ ცუდი ყურძენი ჩნდება. ასე რომ, თუ უხარისხო ყურძნის შესყიდვა არ წახალისდება, ანუ სახელმწიფო თუ არ იყიდის ბევრ ყურძენს, რომელსაც კერძო სექტორი არ ყიდულობს, ეს პროცესს გააჯანსაღებს”, - აცხადებს გიორგი სამანიშვილი.

როგორც ცნობილია, 2025 წლის რთველს სექტორი განსხვავებული პირობებით ხვდება - კერძო კომპანიებზე სუბსიდია აღარ გაიცემა და ჭარბ ყურძენს მხოლოდ სახელმწიფოს კუთვნილი "მოსავლის მართვის კომპანია" შეიძენს. წელს სახელმწიფომ დაადგინა ყურძნის ფასიც და ერთი კილოგრამი საფერავის ჯიშის ყურძნის ღირებულება კილოგრამზე 1.50 ლარით განისაზღვრება. ეს იქნება ფასი, რომელსაც ღვინის სახელმწიფო კომპანია მევენახეებს გადაუხდის. სხვა ჯიშის ყურძენზე, მათ შორის რქაწითელზე შესასყიდი ფასი კილოგრამზე 1.20 ლარით განისაზღვრება. ხოლო დაზიანებული ყურძნის ჩაბარების ღირებულება 1 ლარი იქნება.

bm.ge