„კადრების დეფიციტი ყოველთვის ჩნდება, განსაკუთრებით თმის და მანიკიურის სპეციალისტების მიმართულებით,“ - ამის შესახებ სილამაზის სალონების ფედერაციის ხელმძღვანელმა თამარ შარაშენიძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ განაცხადა.

მისი თქმით, ამის ძირითადი მიზეზი ბიზნესის გაფართოებაა. როგორც თამარ შარაშენიძე აღნიშნავს, ემატება სალონები, შესაბამისად, ჩნდება კადრების დეფიციტიც.

რაც შეეხება მომსახურების ღირებულებას, როგორც სალონების ფედერაციის ხელმძღვანელი ამბობს, ობიექტები შეთანხმებულად არ მოქმედებენ, შესაბამისად, საფასო პოლიტიკის განსაზღვრა ინდივიდუალურად ხდება.

„ეს არ არის ერთიანი სეგმენტი იმ კუთხით, რომ შეთანხმებულად მოქმედებდეს. აქედან გამომდინარე, თვითონ ობიექტზე, მის სეგმენტზე და მრავალ სხვა ფაქტორზეა დამოკიდებული, კონკრეტული სალონი გააძვირებს თუ არა მომსახურებას. ეს გამომდინარეობს, მისი თანამშრომლებიდან, ხარჯიდან, მომხმარებლებიდან და ა.შ. ამ ეტაპზე, რამე მნიშვნელოვანი, ხელშესახები გაძვირება არ იგეგმება და თუ ვინმე ამას აკეთებს, ეს მათი გადასაწყვეტია.

რაც შეეხება კადრებს, დეფიციტი ყოველთვის ჩნდება, განსაკუთრებით თმის და მანიკიურის სპეციალისტის მიმართულებით. ვიზაჟის კუთხით დეფიციტი არ არის, რადგან ეს მიმართულება უფრო ინდივიდუალურ სეგმენტში გადავიდა. რაც შეეხება თმას და მანიკიურს, მოთხოვნა მაღალია და დეფიციტი არის. ეს მუდმივი პრობლემაა.

ზუსტი მიზეზის გამიჭირდება, კადრების გადინებაც არის, მაგრამ ძირითადი მაინც ბიზნესის გაფართოებაა. რაც უფრო მეტად იზრდება ბიზნესი და მეტი სალონი იხსნება, კადრების პრობლემაც იმატებს,“ - ამბობს თამარ შარაშენიძე.

ამასთან, სალონების ფედერაციის ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ უცხოელების მხრიდან სალონების გახსნა კვლავ აქტუალურია, თუმცა ეს ძირითადად ზღვისპირეთში ხდება.

„ეს პრობლემა ისევ გვაქვს, უფრო ზღვისპირეთში. სალონებს ძირითადად უკრაინის მოქალაქეები ხსნიან. მათი მომხმარებლები ძირითადად თავისი ქვეყნის წარმომადგენლები არიან, მაგრამ ისეთ სეგმენტში როგორიც არის წამწამების დაგრძელება, წარბების ლამინირება და ა.შ. ჩვენი ძალიან ბევრი მომხმარებელი ჰყავთ,“ - ამბობს თამარ შარაშენიძე.

ბიზნესპრესნიუსი