საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის I კვარტალში, მშენებლობებზე გაცემული ნებართვები შემცირდა; კერძოდ, იანვრიდან-აპრილამდე ჯამში 2 358 ნებართვა გაიცა, რაც 5.4%-ით ნაკლები წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით. გარდა ამისა, სამშენებლო სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ბოლო პერიოდში, კომერციული ბანკები დეველოპერულ სესხებს აღარ გასცემენ, სესხის დამტკიცების შემთხვევაში კი დეველოპერის გადამოწმების კრიტერიუმები გამკაცრებულია. 

უძრავი ქონების კომპანია Sakura Properties დამფუძნებლის, ვიქტორია საკუროვა „კომერსანტთან“ ამბობს, რომ არსებული ტენდენცია მსხვილ დეველოპერებზე ნაკლებად აისახება, თუმცა საშუალო და მცირე დეველოპერებისთვის მნიშვნელოვან გამოწვევას შექმნის. 

„დეველოპერული სესხების მოცულობა და რაოდენობა კომერციული ბანკების მიერ შემცირდა, ზოგიერთ შემთხვევაში, გადაწყვეტილიც კი არის, რომ წელს დეველოპერული სესხები არ გაიცეს. ეს ფაქტორი ცნობილ და დამკვიდრებულ დეველოპერებს, რომლებიც ბანკის სესხებზე არ არიან დამოკიდებული პრობლემას არ უქმნის, თუმცა უდიდესი უსიამოვნებაა მცირე და საშუალო დეველოპერებისთვის, მაგალითად როცა ქონება არ იყიდება, ფასის დაკლების საშუალება არ აქვთ. ამის მიზეზი ის არის, რომ ძალიან ბევრი პროექტი აშენდა. ბევრი ადამიანმა, რომელსაც აქამდე გამოცდილება არ ჰქონდა, სხვა შემოსავლებზე დაყრდნობით სესხი აიღო და დეველოპერი გახდა.

რეალურად კი მიხვდნენ, რომ ბინების გაყიდვა არც ისე მარტივია, განსაკუთრებით იმ უბნებში, სადაც მშენებლობაზე დიდი კონკურენციაა. მაგალითად ვარკეთილის მეტროს გვერდით, რა ხარისხის და მასშტაბის პროექტიც არ უნდა იყოს, ბინის გაყიდვა მაღალი მოთხოვნის გამო, ძალიან მარტივია, იმავე ვარკეთილის სხვა ნაწილში ბინის გაყიდვა ძალიან რთულია",- აღნიშნა საკუროვამ.