ხელნაკეთი ნივთები, როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოურ ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება. როგორც "ბიზნესპარტნიორთან" ხელნაკეთი ჩანთების და საფულის Handluxe-ის დამფუძნებელი, თამარ ოქროპირიძე აღნიშნავს, მომხმარებელთა, რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 30%-ით გაიზარდა.
თამარ ოქროპირიძის ინფორმაციით, მომხმარებლების დადებითი ტენდენცია ცნობადობის გაზრდას უკავშირდება.
"ნედლეულის, რაღაც ნაწილი ჩინეთიდან ჩამომაქვს და რაღაც ნაწილს კი, ადგილობრივ ბაზარზე ვიძენ. მაგალითად, პროდუქტის ქსოვილს ადგილობრივ ბაზარზე ვყიდულობ. მომხმარებლები, როგორც ადგილობრივი მოსახლეობა, ასევე უცხოელია. უცხოურ ჯგუფში ვაქტიურობ ხოლმე და პროდუქტმა მოწონება დაიმსახურა. კერძოდ, მყიდველების 70% ადგილობრივი მოსახლეობაა, 30% კი უცხოელი. ბოლო პერიოდში, უცხოეთიდან ლიტვა, სლოვაკეთი და პოლონეთი აქტიურობს. ამავდროულად, გვაქვს 3-4 მოდელი, რომელიც ყველაზე მოთხოვნადია. შემიძლია გითხრათ, მომხმარებლების რაოდენობა გაზრდილია, აღნიშნულის მიზეზს, ცნობადობის გაზრდას ვუკავშირებ. ჩვენი მთავარი ნიშაა - პროდუქტია, ვცდილობ განსხვავებული, ორიგინალური მოდელები შევქმნა. მოკლედ, ცნობადობის გაზრდის ხარჯზე გაყიდვები გაიზარდა", - აღნიშნავს ხელნაკეთი ჩანთების დამფუძნებელი.
თამარ ოქროპირიძე "ბიზნესპარტნიორთან" ასევე, გაყიდვების შესახებაც საუბრობს და განმარტავს, რომ თვეში მინიმუმ 15 ხელნაკეთ ჩანთას და საფულეს ყიდის.
"ჩვენი ჩანთები ხელნაკეთია, ყველაფერი ხელით კეთდება, ეს ყველაფერი კი, როგორც საინტერესო პროცესია, ასევე დიდ ძალისხმევას უკავშირდება. მუდმივად ვცდილობ, მომხმარებლებს განსხვავებული მოდელი შევთავაზო. ფასებს, რაც შეეხება 160-დან 230 ლარამდე მერყეობს, საფულეები კი, 79-დან 85 ლარამდეა. ჯერჯერობით, ასორტიმენტის გაზრდას არ ვაპირებ, რადგან ყველაფერს მარტო ვაკეთებ, მაქვს შემთხვევები, როდესაც შეკვეთებს ვერ ავუდივარ, თითო ჩანთის დასრულებას მინიმუმ 3 დღე სჭირდება. სამომავლოდ, ტანსაცმლის კუთხით განვვითარდე არ გამოვრიცხავ.
ახლა უკვე, საერთაშორისო ხელნაკეთ ონლაინ პლატფორმაზე - etsy.com-ზე ვართ წარმოდგენილი და იმედი გვაქვს, რომ უცხოელი მომხმარებლების რიცხვი გაიზრდება. ონლაინ პლატფორმაზე, უკვე თითქმის 22 განცხადება გვიდევს და ვფიქრობთ, ამ მიმართულებით განვითარდე. თვეში დაახლოებით, მინიმუმ 15-მდე ჩანთას და საფულეს ვყიდით, როგორც მოგეხსენებათ, აღნიშნული საქმე დიდ დროს მოითხოვს", - თამარ ოქროპირიძე.
ცნობისთვის, ხელნაკეთი ჩანთების Handluxe-ი ადგილობრივ ბაზარზე უკვე 2 წელია ოპერირებს.