ღვინის ეროვნული სააგენტოსა და დანიის სამეფოში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, კოპენჰაგენში ქართული ღვინის პოპულარიზაციის ღონისძიებები გაიმართა.

ღვინის ეროვნული სააგენტოსთვის სკანდინავიის ბაზარი, ქართული ღვინის მიმართ ინტერესის ზრდის გამო, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ბაზრად მიიჩნევა. შესაბამისად, რამდენიმე წელია, აღნიშნული ბაზრისთვის სააგენტო მნიშვნელოვან  მარკეტინგულ აქტივობებს ახორციელებს.

კოპენჰაგენში გამართული ღონისძიებების ფარგლებში, ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, კინოთეატრში „Grand Teatret” სამეცნიერო-დოკუმენტური ფილმის „საქართველო ღვინის სამშობლო“ ჩვენება გაიმართა. 80-მდე მოწვეულ სტუმარს სიტყვით მიმართა დანიის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ნატა მენაბდემ. კინოჩვენების შემდეგ ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა.

ქართული ღვინის პოპულარიზაციას მიეძღვნა დანიის სომელიეთა აკადემიისა და ადგილობრივი ჰორეკა სექტორის წარმომადგენელთათვის ჩატარებული ქართული ღვინის მასტერკლასიც, რომელიც კოპენჰაგენის ცენტრში, სადეგუსტაციო სივრცეში გაიმართა.

მარკეტინგული აქტივობების შემადგენელი იყო დანიელი იმპორტიორებისა და სარესტორნო სფეროს წარმომადგენლებისთვის მიშლენის ვარსკვლავის მქონე რესტორანში "Ark" ქართული ღვინის პრეზენტაცია და მასტერკლასი, რომლის მიმდინარეობისას სტუმრებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ ქართული მევენახეობა-მეღვინეობის ისტორიასა და ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ განხორციელებულ იმ აქტივობებს, რომელიც ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით ტარდება.