ოპოზიციის დიდი ნაწილი ისევ ღიად  ტოვებს თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის საკითხს, რაც არაერთ კითხვას აჩენს; მოვუწოდებთ ოპოზიციურ სპექტრს არ გაბედოს თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღება - ნათქვამია ილიაუნის სტუდენტური მოძრაობის განცხადებაში.

სტუდენტები ამბობენ, რომ არ შეიძლება დაირღვეს ის იზოლაცია, რომელში დღეს ქართული ოცნებაა მოქცეული:

"160 დღეზე მეტია ქართველი ხალხი მტკიცედ იბრძვის რუსული რეჟიმის წინააღმდეგ, რომელმაც განიზრახა ჩვენი წარსულის ღალატი და ევროპული მომავლის დაბრკოლება.

თანდათან ფორმირდა პროტესტში ჩართული მოქალაქეების მოთხოვნა და ყველა უკანონოდ დაკავებული ადამიანის გათავისუფლებასთან ერთად, ჩვენ ვითხოვთ იმას, რომ ქართულმა ოცნებამ დათმოს ძალაუფლება!

განვლილი დღეების დამსახურებით ჩვენ არაერთ წარმატებას მივაღწიეთ, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საერთაშორისო საზოგადოება არ ცნობს 26 ოქტომბრის არჩევნებს და არ აღიარებს ქართულ ოცნებას ლეგიტიმურ ხელისუფლებად. ეს პირველ რიგში, საქართველოს ჯიუტი მოქალაქეების დამსახურებაა, რომლებიც რეპრესიების არაერთი ტალღის მიუხედავად, უწყვეტად აგრძელებს პროტესტს. რეჟიმის იზოლაციაში მოსაქცევად მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ქართულმა ოპოზიციამაც, რომელმაც ჩვენი ხმა მიიტანა დასავლეთთან.
თუმცა ოპოზიციის დიდი ნაწილი ისევ ღიად  ტოვებს თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის საკითხს, რაც არაერთ კითხვას აჩენს.

ილიაუნის სტუდენტური მოძრაობის წევრებიც, რომლებოც 160 დღის განმავლობაში ყოველდღე ვდგავართ რუსთაველის გამზირზე, პარალელურად  კი ვცდილობთ ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში გავაძლიეროთ პროტესტი, მოვუწოდებთ ოპოზიციურ სპექტრს არ გაბედოს თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღება. ეს იქნება მათი მხრიდან მათივე ამომრჩევლების სურვილის უგულებელყოფა, რაც აუცილებლად გამოიხატება მათი ელექტორალური მხარდაჭერის შემცირებაში.

არ შეიძლება დაირღვეს ის იზოლაცია, რომელში ქართული ოცნებაა მოქცეული. ოპოზიციის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა უდრის რეჟიმის ლეგიტიმაციის აღიარებას და თუ მასთან თანამშრომლობას დაიწყებს ქვეყნის შიგნით ოპოზიცია, ეს ნიშნავს რომ იმავეს იზამს საერთაშორისო საზოგადოება.

პოლიტიკური პარტია უნდა არსებობდეს მათი ამომრჩევლების დაკვეთების შესასრულებლად და თუ რომელიმე ოპოზიციურ პარტიას აქვს კითხვა, თუ რას ფიქრობს მისი ამომრჩეველი მას, აუცილებლად, ველოდებით რუსთაველის გამზირზე, იქ, სადაც ამ ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლა უწყვეტად გრძელდება." - ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოში არსებული მწვავე პოლიტიკური კრიზისის მიუხედავად, რომელიც გასული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გამძაფრდა, პროცესები სავარაუდოდ თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადებისკენ მიდის.

თუმცა, ამ პროცესში ბუნდოვანია პოლიტიკური განწყობები. „ქართული ოცნება“ უკვე სამზადისშია და მმართველი პარტიის ლიდერები აცხადებენ რომ ემზადება ოპოზიციის ნაწილიც.

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი დარწმუნებით აცხადებს, რომ ორი ოპოზიციური პარტია – „ლელო – ძლიერი საქართველო“ და „გახარია – საქართველოსთვის“ აქტიურ მზადებაში არიან, თუმცა მისივე თქმით, ამას ჯერ ამომრჩეველს არ უმხელენ.

„ყველამ გავაცნობიეროთ, მზადება რას ნიშნავს. მზადება ნიშნავს ფინანსების გამოყოფას, მათ შორის შეიძლება დამატებითი რესურსით გაძლიერებას პარტიული სტრუქტურების, ოფისების და ასე შემდეგ. უპირველეს ყოვლისა, ფულის გამოყოფას გულისხმობს, ასე იწყება მზადება. თქვენ ახლა რა გგონიათ, რომ თაღლითების, ხაზარაძის პარტია ფულს გამოყოფს სავარაუდო არჩევნებისთვის, რომელიც იცის, რომ არც დაინიშნება? რა თქმა უნდა, სადაც ისინი ფულის ხარჯვას იწყებენ, იწყებენ იმ არჩევნებისთვის, რომელიც იციან ნამდვილად ჩატარდება. ეს ქვეყანა მგონი დიდი არ არის, პატარაა. ყველა ყველას იცნობსო რომ ვამბობთ, ამაში იგულისხმება ის, რომ ინფორმაციები ძალიან საჯაროა, მით უმეტეს, როცა საქმე ეხება მთლიანად საქართველოს, რეგიონებს და ამას ვერ დამალავს ადამიანი, რა დავალებები მისდით, რით არიან დაკავებული, ემზადებიან არაადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის. თავის ამომრჩეველს ატყუებენ, რომ დიდი რევოლუციონერები არიან, ახლა ამოაყირავებენ საქართველოს ისტორიას და ა.შ. ამიტომ, მინდა „ლელოს“ და პარტია „საქართველოსთვის“ ამომრჩეველმა, მათ შორის სხვა ოპოზიციურმა პარტიებმა იცოდნენ, ეს ორი პარტია გამალებით ემზადება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

პარტია „გახარია – საქართველოსთვის“ ლიდერები ამბობენ, რომ მზადება არჩევნებისთვის მათ გაცხადებულად აქვთ დაწყებული და გაუგებარია შალვა პაპუაშვილი რატომ ცდილობს საზოგადოების თვალში „დიდი საიდუმლოს“ გამჟღავნება დაარქვას ამას.

„ლელო – ძლიერი საქართველო“ არ უარყოფს, თუმცა არც ადასტურებს არჩევნებში მონაწილეობის სურვილს, თუმცა ამბობენ, რომ გაუგებარია რა გაარკვია შალვა პაპუაშვილმა. არჩევნებში მონაწილეობაზე უარს აცხადებს „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“, სადაც მიიჩნევენ, რომ ბიძინა ივანიშვილმა საქართველოში არჩევნები გააუქმა და სპეც.ოპერაციას ატარებს.

„ივანიშვილის მოღალატე კრიმინალთა ბანდამ, სამწუხროდ, ისე, როგორც ბელორუსსა და რუსეთში, საქართველოში არჩევნები, სულ მცირე, 2018 წლიდან გააუქმა. საქართველოში ტარდება სპეცოპერაცია, რომელსაც არჩევნებს არქმევენ, შესაბამისად, „ნაციონალური მოძრაობა“ არ აპირებს ამ სპეცოპერაციაში მონაწილეობის მიღებას. დარწმუნებული ვარ, არცერთი დემოკრატიული, პროდასავლური, ნორმალური პროდასავლური ძალა მასში მონაწილეობას არ მიიღებს. ამ მოღალატეთა რეჟიმის წარმომადგენლებმა რაც არ უნდა ილაპარაკონ, ჩვენ არ ვაპირებთ, მათი გეგმით და გრაფიკით ვიმუშაოთ. ჩვენ ყოველთვის ვამხელდით და ახლაც ვაპირებთ, ვამხილოთ ამ რეჟიმის კრიმინალური საქმიანობა, ვუწოდოთ ყველაფერს თავისი სახელი“, – განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, გიორგი ბარამიძემ.

საბოლოოდ, ვინ მიიღებს ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას, ეს საარჩევნო კამპანიის ოფიციალურად დაწყებამდე გახდება ცნობილი, თუმცა პოლიტიკურ წრეებში მსჯელობა და ბრალდებები გრძელდება.

„ქართული ოცნება“ კი აცხადებს რომ არჩევნების შემდეგ „ნაციონალურ მოძრაობას“ და მასთან დაკავშირებულ პარტიებს გააუქმებს და ყველა ამ პირს პოლიტიკურ საქმიანობას აუკრძალავს. ეს ის დაპირებაა, რომელიც მმართველმა პარტიამ ჯერ კიდევ საპარლამენტო არჩევნებისთვის გასცა, თუმცა, მისი შესრულება გადაავადა.

წყარო: euronews georgia