31 ივლისს რუსულმა არმიამ საზეიმოდ გამოაცხადა, რომ დასახლება ჩასივ-იარი, რომელიც ქალაქ დონეცკის ჩრდილოეთით მდებარეობს, დაიკავა. გაავრცელეს ვიდეო კადრებიც და დაიწყეს მტკიცება, რომ ბახმუტიდან დაახლოებით 11 კილომეტრის მოშორებით მდებარე დასახლება სრულიად დაიპყრეს. ქალაქი ბახმუტი კრემლის არმიამ 2023 წლის მაისში დაიკავა. 26 თვე დაჭირდა რუსულ არმიას იმისთვის, რომ ფრონტის ამ მიმართულებაზე, კერძოდ, ჩასივ-იარის მიმართულებით, 11 კილომეტრით წინ წასულიყო.

„ომის შემსწავლელი ინსტიტუტის” მონაცემებით, ჩასივ-იარის ფლანგზე დაძაბულობის 4 ძირითადი კერაა. მათ შორის ყველაზე აქტიური საბრძოლო მოქმედებები ცენტრალურ მიმართულებაზეა. ჩასივ-იარის ფლანგზე საბრძოლო მოქმედებებს გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. პრეზიდენტმა რუსეთის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას დეზინფორმაცია უწოდა.

„ფრონტის ხაზზე განსაკუთრებით პოკროვსკის მიმართულებით ჩვენი დანაყოფები პოზიციებს ინარჩუნებენ. პოკროვსკი და დობროპილია – სწორედ აქ მიმდინარეობს ყველაზე ინტენსიური შეტაკებები. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ჯარისკაცები ანადგურებენ რუსულ დივერსიულ დაზვერვის ჯგუფებს, რომლებიც მუდმივად ცდილობენ ქალაქში შეჭრას და იქ გამაგრებას. ეს რუსული ტაქტიკაა. ჩვენი პასუხი კი ოკუპანტების განადგურებაა. თქვენ იხილავდით რუსეთის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ჩასივ-იარის შესახებ; ეს რუსული დეზინფორმაციაა. უკრაინული დანაყოფები იცავენ ჩვენს პოზიციებს. ჩვენ ვბლოკავთ რუსეთის ყველა მცდელობას, წინ წაიწიონ დონეცკის, სუმისა და ხარკივის ოლქებში“, – ამბობს ვოლოდიმირ ზელენსკი.

ვიდეოკადრები გაავრცელეს უკრაინის არმიის იმ დანაყოფებმაც, რომლებიც ფრონტის ხაზს ჩასივ-იარის ფლანგზე ამაგრებენ. მათაც უარყვეს რუსების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ ეს დასახლება მთლიანად მოსკოვის კონტროლის ქვეშ გადავიდა. კადრებში ჩანს ის შენობები, სადაც რუსებმა დროშები აღმართეს, და ასევე ჩანს, როგორ იბომბება იგივე პოზიციები უკრაინის თავდაცვის ძალების მხრიდან. უკრაინის არმიის 24-ე ცალკეული მექანიზებული ბრიგადის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომ ბოლო ერთი წლის მანძილზე რუსულმა არმიამ არაერთხელ გაავრცელა ცნობები ჩასივ-იარის სრულად აღების შესახებ, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. უკრაინულ დანაყოფში აღნიშნავენ, რომ რუსული ჯავშანსატანკო ყველა იერიში წარმატებით მოიგერიეს. თუმცა, აქტიური საბრძოლო მოქმედებები გრძელდება.

„გასული დღის განმავლობაში სულ 160 საბრძოლო შეტაკება მოხდა. ჩრდილო-სლობოჟანსკისა და კურსკის მიმართულებებზე უკრაინელმა ჯარისკაცებმა რუსი ოკუპანტების 16 შეტევა მოიგერიეს. კრამატორსკის მიმართულებაზე რუსი ოკუპანტები 6-ჯერ დაესხნენ თავს სტუპოჩკის, ბილა ჰორას და ჩასივ-იარის პოზიციებს. ტორეცკის მიმართულებაზე მტერმა 9 შეტევა განახორციელა. პოკროვსკის მიმართულებაზე კი უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსების 47 შეტევა შეაჩერეს“, – ამბობს ანდრიი კოვალოვი, უკრაინის შეიარაღებული ძალების სპიკერი.

რუსეთის არმიისთვის პოკროვსკის ფლანგი კვლავ შეტევის მთავარ მიმართულებად რჩება. თუმცა ფრონტის ამ ხაზზე თვეების მანძილზე კრემლი წარმატებას ვერ აღწევს. რაც შეეხება ჩასივ-იარს, ამ დასახლების აღების შემთხვევაში რუსულ ძალებს შეეძლებათ უკრაინის თავდაცვის სარტყელს – ერთმანეთთან დაკავშირებულ გამაგრებულ ქალაქებს სხვადასხვა მიმართულებით შეუტიონ. რუსული შტურმების შესაკავებლად უკრაინაც განაგრძობს დრონებით საპასუხო იერიშებს. კრემლის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, რუსეთის ფედერაციის 6 ოლქს, ასევე შავი და აზოვის ზღვების აკვატორიაში, ერთ ღამეში 60-მა უკრაინულმა დრონმა შეუტია.