„მთის წყალი“ ბაზარზე ნოემბერში ახალი ტექნოლოგიით დამუშავებულ სასმელს გაყიდის. საუბარია 0,5 ლ-იან და 1 ლ-იან ბოთლებზე. ახალი ტექნოლოგია ,,მთის წყალმა’’ იტალიური ქარხნის დახმარებით დანერგა. ბიზნესმენი თემურ ჭყონია აცხადებს, რომ წყალი განსხვავებული ქიმიური შემადგენლობის იქნება, რაც მის გემოს გამორჩეულს გახდის.

,,არის იტალიური ძალიან საინტერესო და წარმატებული ქარხანა, რომელიც ამზადებს სპეციალურ დანადგარებს, ფილტრებს, გამწმენდებს მექანიკურსა და ქიმიურს, რომელიც 6 თვის განმავლობაში სწავლობდა ჩვენი წყლის ჭაბურღილს. შეისწავლეს წყლის შემადგენლობა სპეციალური ფილტრებით. ყველა წყალს თავისი სპეციფიკური შემადგენლობა აქვს. ჩვენი წყალი იქნება წარმოუდგენელი შემადგენლობის, ამიტომ გირჩევთ დალიოთ.’’- აცხადებს თემურ ჭყონია.

ბიზნესმენის განცხადებით, მათ სწორი მარკეტინგული კამპანიებით და მიწოდების გამართული ციკლით წყლის მოხმარება გაზარდეს. თემურ ჭყონია აცხადებს, რომ ,,მთის წყალი’’ ბაზარზე სხვა კომპანიების წილების მითვისებას არ ეცდება. მიზანი წყალზე მოთხოვნის მატება და მისი მოხმარების 300 მლნ. ლიტრამდე გაზრდაა. რაც ,,მთის წყალს’’ საშუალებას მისცემს ბაზარზე სხვა კომპანიების წილები კი არ წაიღოს, არამედ შექმნილი მოთხოვნა დააკმაყოფილოს.

,,წყლის მოხმარება საქართველოში 100 მლნ ლიტრი იყო. ჩვენ გავზარდეთ მოხმარება. მოხმარება ავიდა უკვე 130 მლნ ლიტრამდე. ე.ი ჩვენ წილში კი არ ჩავხტით, არამედ გავზარდეთ მოთხოვნილება. ადამიანებს მართლა სჭირდებათ 2 ლ. წყალი. ჩვენი მარკეტინგული აქტივობა სწორი მიმართულებით ხორციელდება. აღვნიშნავთ წყლის დანიშნულებას, მისი გამოყენების აუცილებლობას. ჩვენ არ წაგვირთმევია არავისთვის წილი. ჩვენ გავზრდით წყლის მოხმარებას 300 მლნ ლიტრამდე. იმ 100 მლნ ლიტრს, რომელსაც აწარმოებდნენ ჩვენი კონკურენტები ეს წილი მათ დარჩებათ. ჩვენი მიზანი და შეხედულებები აბსოლუტურად განსხვავდება. მიდგომები და ტექნოლოგიები განსხვავდება და არის ძალიან თანამედროვე. ჩვენ არ ვართ არავის კონკურენტები. ჩვენ ვართ ცალკე და ვავითარებთ ინდუსტრიას.’’- აცხადებს თემურ ჭყონია.