ქსელური მარკეტები ძალიან ლოიალურები არიან და დიდი ყურადღებით ეპყრობიან იმას, რომ ქართული წარმოება ვართ და მაქსიმალურად გვეხმარებიან, - ამის შესახებ "ფელამოჩისა" და Foodballs-ების მწარმოებელი კომპანია Foodballs Georgia-ს დამფუძნებელმა გიორგი მორდეხაშვილმა "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, კომპანიას პარტნიორი ქსელური მარკეტების 100-ვე პროცენტთან თანამშრომლობის ხელსაყრელი პირობები აქვს.
"ჩვენს შემთხვევაში "ქეშბექის" პრინციპით რამდენიმე ქსელური მარკეტი მუშაობს, მაგრამ უმრავლესობა ამას არ ითხოვს. ყველანაირად ხელს გვიწყობენ, რომ პროდუქცია გაყიდვადი და პოპულარული იყოს", - აღნიშნა გიორგი მორდეხაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ ქსელურ მარკეტებთან მიმართებით სხვადასხვა კომპანიას "ფელამოჩისგან" განსხვავებული მოსაზრება აქვთ. მათ შორის, "ჩირჩხელას" აღმასრულებელი დირექტორის, ირმა კვაჭანტირაძის განცხადებით, კომპანიას ადგილობრივ ბაზარზე გაფართოება სურს, თუმცა ქსელებში პროდუქციის შეტანა დიდ თანხებთან არის დაკავშირებული.
როგორც მან "ბიზნესპარტნიორთან" აღნიშნა, ქსელურ მარკეტებში პროდუქციის შეტანაზე - კერძოდ, თითოეული სახეობის მარკეტის თაროზე განთავსებისთვის 1500 ლარია გადასახადი, რაც საკმაოდ ძვირია.
გარდა ამისა, ქსელური მარკეტების მაღალ გადასახადებზე "ბიზნესპარტნიორთან" სათამაშოების ნაკრების ადგილობრივი მწარმოებელი კომპანია "ქართული თემის“ დამფუძნებელმა მანუჩარ ლობჟანიძემაც ისაუბრა. მისი თქმით, სახელმწიფომ კანონი უნდა მიიღოს, რომ ქსელურ მარკეტებს 5%-ზე მაღალი "ქეშბექის" მოთხოვნის საშუალება არ ჰქონდეთ.