ქვეყანაში აზიური ბაზარი გაიზარდა, რომელსაც ფულის დახარჯვა ნამდვილად არ უყვარს, - ამის შესახებ WST-ის დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა გერმანე ჭელიძემ "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.
მისივე შეფასებით, ქვეყანაში მაღალმხარჯვეულნარიანი სეგმენტი თითქმის აღარ შემოდის და ამ მიმართულებით შესაბამისი სამუშაოები უნდა ჩატარდეს.
„ქვეყანაში აზიური ბაზარი გაიზარდა, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ ევროპელების რიცხვი მკვეთრად შემცირდა. მოგეხსენებათ, რომ ბრიტანეთის მიმართულებაზე კვირაში 4 რეისი დაემატა და აღნიშნული ბაზარიც გამოჩნდა ჩვენს ქვეყანაში. შესაბამისად, ამ მიმართულებით ჩვენც უნდა გავაქტიურდეთ. ვგულისხმობ იმას, რომ ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს პოპულარიზაცია უფრო მეტად გაიზარდოს. ჩვენს სამიზნე ბაზრებს უნდა მივაწოდოთ ინფორმაციის, რომ უსაფრთხო და საინტერესო ქვეყანა ვართ.
აღსანიშნავია, რომ აზიური სეგმენტი უფრო დაბალმხარჯველუნარიანია. მაგალითად, ინდოელები ყველა თეთრზე ვაჭრობენ და მაღალმხარჯვეულნარიანი სეგმენტი თითქმის აღარ შემოდის. ვფიქრობ, რომ აღნიშნული მიმართულებითაც სამუშაო გვაქვს“, - აცხადებს გერმანე ჭელიძე.
რაც შეეხება ფასებს - კომპანიის დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ WST-ში ტურების ფასები არ შეცვლილა და კომპანია, მაქსიმალურად ცდილობს, რომ არა გაზარდოს, არამედ შეამციროს.
მანვე განაცხადა, რომ ქვეყანაში და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების ფონზე, კომპანია ამ ეტაპზე სიახლეებს, მათ შორის, არც ავტოპარკის განახლებას არ გეგმავს.
ცნობისთვის, კომპანია World Sightseeing Tbilisi მუშაობს როგორც შიდა, ისე გარე ტურებზე.