კოლეჯი „ერქვანი“, კომპანია „ბლაუენშტაინთან“ ერთად, მეცხოველეობის მიმართულებით შვეიცარიული სტანდარტით შექმნილი და საქართველოში ავტორიზებული პროფესიული მომზადების და გადამზადების პროგრამების განხორციელებას იწყებს. 10 ივნისს, მხარეებს შორის ოთხმხრივი მემორანდუმის გაფორმების საზეიმო ღონისძიება გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ: განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანი, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი, გარემოსდაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, პროფესიული უნარების სააგენტოს და ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები.
აღნიშნული პროგრამა ხორციელდება საგრანტო პროექტის „მესაქონლეობის პროფესიული მომზადების პროგრამების დანერგვა“ ფარგლებში, რომელსაც „პროფესიული სწავლების მართვის ცენტრი“ „გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის“ და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ნერგავს და 2 წლის განმავლობაში 6 პროგრამის დანერგვასა და 100-მდე სპეციალისტის მომზადება და გადამზადებას გეგმავს.
პროექტის მიზანია, საქართველოში, კერძოდ, რაჭა-ლეჩხუმში, ქვემო სვანეთის და იმერეთის რეგიონებში, თანამედროვე, შვეიცარიული სტანდარტის შესაბამისი მესაქონლეობის სასწავლო პროგრამების დანერგვა, მეცხოველეობის სფეროში კომპეტენციის ამაღლება და ღირებული დასაქმების შესაძლებლობების შექმნა. ასევე, მეცხოველეობის მიმართულებით ისეთი სამუშაო ძალის განვითარება, რომელიც კერძო სექტორის საჭიროებებსა და ეროვნულ და საერთაშორისო სტანდარტებთან იქნება შესაბამისობაში.
კურსის თეორიული ნაწილი ჩატარდება ამბროლაურში მდებარე პროფესიულ კოლეჯში „ერქვანი“, პრაქტიკულ კურსს კი ბენეფიციარები „ბლაუენშტაინის“ საფერმე და საწარმოო ბაზაზე გაივლიან.
პროფესიული პროგრამის განხორციელება ხელს შეუწყობს არა მხოლოდ კვალიფიციური სპეციალისტების დეფიციტის აღმოფხვრას, ასევე, დადებით გავლენას მოახდენს რაჭა-ლეჩხუმის რეგიონიდან მოსახლეობის მიგრაციის შემცირებაზე.