საკონსერვო წარმოება "კულას" დამფუძნებელი ვანო გოგლიძე "ბიზნესპარტნიორთან" ხილის გაძვირების მიზეზებზე საუბრობს.

მისი თქმით, კომპანიისთვის რთული სეზონია, რადგან ხილი წელს განსაკუთრებით არის გაძვირებული, რაც უამინდობის გამო შემცირებულმა მოსავლიანობამ გამოიწვია.

"ბაზარში ბალი 25 ლარამდე ღირს. აღნიშნული ხილის ასეთი ფასი განპირობებულია იმით, რომ ყინვამ ეს პროდუქტი ყველაზე მეტად დააზიანა, რადგან ბალი უფრო მგრძნობიარეა ყინვისა და  სეტყვის მიმართ, ვიდრე სხვა სხვა ხილი. შესაბამისად, ამ მიმართულებით მცირე მოსავლიანობაა, რაც ფასზეც აისახა", - აცხადებს ვანო გოგლიძე.

მიუხედავად ხილის გაძვირებისა, როგორც კომპანიის დამფუძნებელი აღნიშნავს, "კულა" პროდუქციის გაძვირებას მიმდინარე წელს არ გეგმავს.

"ჯერჯერობით საკმარისი მარაგები გვაქვს და თუ ამოგვეწურა, გვირჩევნია წარმადობა შევამციროთ, ვიდრე ფასები  გავზარდოთ", - აღნიშნა ვანო გოგლიძემ.

ცნობისთვის, დღეის მდგომარეობით, 1 კილოგრამი ბალის ფასი 25 ლარამდე მერყეობს. ამასთან, წინა წელთან შედარებით, გაზრდილია ატმის, გარგარის და სხვა სეზონური ხილის ფასებიც.

ამასთან, შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წელს ყინვამ შიდა ქართლის რამდენიმე სოფელში მოსავალი გაანადგურა და დააზიანა. განსაკუთრებულად მძიმე ვითარება იყო ხაშურის მუნიციპალიტეტში.

წყარო: bp.ge