მხოლოდ იანვრიდან მაისის ჩათვლით, 2025 წელს, პროკურატურამ საქართველოში ზუსტად 70 პირს წარუდგინა ბრალდება „ქურდულ სამყაროსთან“ დაკავშირებული დანაშაულის ჩადენისთვის [„სისხლის სამართლის კოდექსში“ სამი მუხლი ეხება „ქურდულ სამყაროს“].

ამ 70-დან 46 კაცს ბრალი უშუალოდ „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის მუხლით წარუდგინეს. – რას აჩვენებს ეს?

პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ხშირად გვხდება გამოძიების ვერსია: ფინანსური დავების მოგვარების მოტივით, მოქალაქეები და, მათ შორის, ბიზნესმენები სასამართლოს ნაცვლად „ქურდულ სამყაროს“ მიმართავენ.

მაგალითად, პროკურატურის ბოლო ახალი ამბავი „ქურდულ სამყაროზე“ 2025 წლის 16 მაისს გავრცელდა. პროკურატურამ მაშინ 11 პირს ერთდროულად დასდო ბრალი „ქურდულ სამყაროსთან“ დაკავშირებული დანაშაულის ჩადენაში – 4 პირს კი, უშუალოდ „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვას ედავებიან.

„…ფინანსური დავის „ქურდული გარჩევის“ გზით გადაწყვეტის მიზნით, მოდავე მხარეებმა „ქურდული სამყაროს“ წევრებს და ,,კანონიერ ქურდს“ მიმართეს, რომლებმაც არაერთი „ქურდული გარჩევა“ მოაწყვეს და ერთ-ერთ მხარეს თანხის გადახდა მოსთხოვეს… საზღვარგარეთ მყოფმა ,,კანონიერმა ქურდმა“ მის მიერ მართულ „ქურდული სამყაროს“ წევრსა და მხარდამჭერებს დაავალა მოდავე მხარეებთან მოეწყოთ „ქურდული გარჩევები“. „ქურდული სამყაროს“ წევრები, მათი მხარდამჭერების მეშვეობით დაუკავშირდნენ მოდავე მხარეებს და მოაწყვეს ,,ქურდული გარჩევები“, – აცხადებდა პროკურატურა.

რას აჩვენებს პროკურატურის ოფიციალური მონაცემები, როცა მხოლოდ 2025 წლის პირველ 5 თვეში 70 ბრალდებულია „ქურდული სამყაროსთან“ დაკავშირებული დანაშაულის ჩადენაში?

„როდესაც სახელმწიფო შენ თვალწინ ინგრევა და ხელისუფლების შტოები აღარ ფუნქციონირებს, როცა ხელისუფლება თავად გაძლევს მაგალითს – კანონის გვერდის ავლით, უკანონოდ მოაგვარო ყველაფერი, ბუნებრივია, ეს ადამიანებს უჩენს ორიენტაციას: მათაც არასახელმწიფოებრივი, არასამართლებრივი მეთოდები გამოიყენონ,“ – მიიჩნევს ადვოკატი ლია მუხაშავრია. ის ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს საქმეებზე მუშაობს საქართველოდან.

ლია მუხაშავრიას აზრით, „ქართული ოცნების“ უკანონო მოქმედებები პირდაპირ კარნახობს მოქალაქეს, როგორ უნდა მოაგვარონ საკუთარი პრობლემები, თუმცა ამის მიუხედავად, იურისტის აზრით, მოქალაქეები საქართველოში მაინც გაცილებით უფრო პასუხისმგებლიანად უდგებიან საქმეს:

„ჩვენ ვცხოვრობთ ტოტალურად არასტაბილურ სიტუაციაში. ამღვრეულია წყალი, კანონი არ კანონობს და მიიღეს კანონები, რომლებიც სამართალს და სამართლიანობის პრინციპებს ძირეულად ანგრევენ.

ასეთ დროს ადამიანებს შესაძლოა გაუჩნდეთ სურვილი: თუ მაღალი თანამდებობის პირი ყველაფრის უფლებას აძლევს საკუთარ თავს, რიგითი მოქალაქე რატომაა გამონაკლისი? ადამიანები ფიქრობენ, რომ პრაგმატულად მოაგვარონ საკითხები, როგორც ეს მოუხერხდებათ, თუმცა მე მაინც მჯერა, რომ ამას არ აქვს ტოტალური და სოციალური ხასიათი. ეს მაინც ცალკეული შემთხვევაა,“ – უთხრა ლია მუხაშავრიამ „ბათუმელებს“.

ლია მუხაშავრიას დაკვირვებით, საზოგადოება დიდი ხანია არ ენდობა სასამართლოს და ეს არაა ახალი ამბავი. მისი აზრით, რაიმე ახალ ტენდენციასთან არ გვაქვს საქმე. უფლებადამცველის აზრით, „ოცნების“ ხელისუფლება სათავისოდ იყენებს „ქურდული სამყაროს“ საქმეებს, განსაკუთრებით წინასაარჩევნოდ.

„ჩემი აზრით, ეს მოტივი არ მუშაობს ხალხში, რომ ეს გზა მიაჩნდეთ რეალური აღსრულების მექანიზმად… უფრო მუშაობს ის, რომ ხელისუფლება ცდილობს ყველა და ყველაფერი გამოიყენოს საარჩევნოდ თავის სასარგებლოდ. ამით უნდათ, რომ ე.წ. შავი სამყაროს მიწვდნენ და სამსახურში ჩაიყენონ. ეს ადამიანები ქვეყნიდან ძირითადად გასულები არიან და აკრძალული აქვთ შემოსვლა არაოფიციალურად. როცა იგებ, რომ შენი გულისთვის ადამიანი დაიჭირეს, ცდილობ, უშველო. ჩემი ინფორმაციით, ამ რესურსის გამოყენებას აქტიურად ცდილობს ხელისუფლება, როგორც საპატიმრო დაწესებულებებში, ისე უცხოეთში.

ეს მუხლი იმდენად საშიში მუხლია, ისე არის შესაძლებელი მისი ბოროტად გამოყენება და ინტერპრეტირება, მარტივად შეიძლება, ვიღაც მოიკითხო და კავშირი დაგაბრალონ.

ჩემი აზრით, ჩვენი საზოგადოება სასამართლო რეფორმის დასაწყისშივე მკვეთრად გაემიჯნა ე.წ. ქურდულ გარჩევებს. საზოგადოებამ თქვა: მირჩევნია, სასამართლო ხელისუფლება არსებობდეს. ამიტომაც, მე მაინც მგონია, რომ ეს მოცემულობა არაა იმით გამოწვეული, რომ საზოგადოებამ შეცვალა ორიენტაცია და „ქურდული სამყაროსკენ“ მიტრიალდა დავების გადასაწყვეტად.

უფრო მგონია, რომ ამას ერთი რამისთვის აკეთებენ – ე.წ. ქურდული სამყარო წევრების გავლენა გამოიყენონ სარჩევნო პერიოდში საზოგადოებაზე ზეწოლისთვის. მე ასე ვუყურებ ამას,“ – გვითხრა ლია მუხაშავრიამ.

წყარო: "ბათუმელები"